Uncategorized

NEBRASKA

სადღაც 15 წლის ვიქნებოდი, წერილი რომ მომივიდა მეილზე – ვინმე ნიგერიელი „ადვოკატი“ თანამშრომლობას მთავაზობდა. მწერდა, რომ ჩემი მოგვარე, ნიგერიაში მოღვაწე ბიზნესმენი, გარდაიცვალა, მემკვიდრე არ დარჩა და თუკი გარიგებას დავთანხმდებოდი, მთელი მისი მილიონები მე დამრჩებოდა. სანაცვლოდ მხოლოდ საქართველოში ჩამოსვლას ითხოვდა – დეტალების გასარკვევად.

არავინ დამიჯერა. მეტიც, დამცინა დედამ, მამამ, ბებიამ, ბებიაჩემის გარე ბიძაშვილმა, მეზობელმა ზაირამ და არამარტო. მე კი ყოველდღე ხელახლა ვკითხულობდი წერილს და ვოცნებობდი, რომ ვყოფილიყავი ისეთი დიდი, ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა შემძლებოდა.

ძნელია დაუჯერო ბავშვს, მაგრამ კიდევ უფრო ძნელია ენდო 74 წლის ალკოჰოლიკ მამას, რომელსაც დაუჟინია, რომ მილიონი დოლარი მოიგო, რომლის მისაღებად მონტანადან ნებრასკაში გამგზავრებაა საჭირო და კიდევ უფრო ძნელია, არ დაუჯერო და მაინც გაყვე.

ალექსანდრ პეინის ამ ტრაგიკომედიაში ძნელია სტანდარტული ამერიკული, კომერციაზე გათვლილი შტრიხების აღმოჩენა; ,,ნებრასკა“ არ არის ფილმი პერიფერიიდან ჩამოსულ ღარიბ გოგონაზე, რომელიც პრემიერმინისტრს შეუყვარდება, თაღლითზე, რომელიც მაქინაციებით მილიარდობით დოლარს იშოვის, სუპერგმირზე, რომელიც სამყაროს გადაარჩენს. ეს არის უბრალო ადამიანების უბრალო ისტორია. ადამიანების, რომლებიც ჩვენ გვერდით არსებობენ, ადამიანების, რომლებიც ვართ ჩვენ.

ფილმი შავ-თეთრია და ეს ინტიმურობას, მყუდროებას სძენს, თითქოს, ცოტა ხნით წარსულში ვბრუნდებით. მთელ მოგზაურობას მარკ ორტონის „საუნდტრეკები“ გასდევს. აკუსტიკური გიტარის, პერკუსიის, აკორდეონისა და საყვირის სინთეზი საოცრად უხდება იმ სადა დიალოგებსა და ხანგრძლივ პაუზებს, ასე უხვად რომაა ფილმში.

პეინმა, ისევე როგორც სხვა ნამუშევრებში, აქაც შეძლო კომიკური ტონისა და სენტიმენტალიზმის ჰარმონიულად შეზავება. უყურებ, როგორ ეძებს მამა-შვილი რკინიგზის ლიანდაგზე დაკარგულ კბილებს, მამის გასახარებლად როგორ იპარავენ დევიდი და როსი კომპრესორს, შემდეგ კი როგორ აბრუნებენ უკანვე, უყურებ ნებრასკადან უკან მომავალ ვუდის, ამაყად რომ ზის საჭესთან და ყელში გაჩხერილი ბურთები თანდათან ენაცვლება ღიმილს.

ფილმი გზატკეცილზე მომავალი ვუდის (მსახიობი ბრიუს დერნი) კადრით იწყება, რომელიც არავითარ ყურადღებას არ აქცევს პოლიციის მანქანას, მის შეჩერებას რომ ცდილობს. მე არ მახსენდება სხვა ასეთივე შემთხვევა, როდესაც მსახიობი 77 წლის ასაკში თამაშობს თავის საუკეთესო როლს. უყურებ მას და გჯერა, რომ მართლაც შეუძლია ათასობით მილის შეუჩერებლად გავლა მიზნის მისაღწევად.

ვუდის შვილი, დევიდი, ელექტრონული საქონლის მაღაზიაში მუშაობს. ის წყნარი, უბრალო ბიჭია – აი, ისეთი, სკოლის პერიოდში შატალოზე რომ არასოდეს წავიდოდა, სახლში გვიან დაბრუნებით მშობლებს რომ არასოდეს შეაშფოთებდა, ცოლს რომ არასოდეს უღალატებდა. ერთი სიტყვით, ზედმეტად წესიერი იმისთვის, რომ ყურადღება მიაქციო. და, აი, უცებ, მას უჩნდება შანსი, რომ მამამისს ოცნება აუსრულოს. ვუდისა და დევიდის დიდი მოგზაურობა იწყება.

ბევრი აბსურდული დიალოგის, საავადმყოფოში მოხვედრის, ყოველ გაჩერებაზე ბარში დასალევად გაპარვის შემდეგ, მოგზაურები ვუდის მშობლიურ ქალაქში ხვდებიან, სადაც რამდენიმე დღით დარჩენას გადაწყვეტენ. აქაურობა სავსეა რთული ადამიანებით, რომლებიც ჩადენილი შეცდომების გამო იტანჯებიან, ეგოიზმს ავლენენ, ინანიებენ ან პირიქით – არაფერს ნანობენ. ეს რეჟისორის მშობლიური მხარეა. ის კარგად იცნობს ხალხს, რომლებზეც ფილმს იღებს და უფლებაც აქვს დაარღვიოს „კლიშე“, რომლის მიხედვითაც რაიონებში მხოლოდ შრომისმოყვარე, წესიერი ადამიანები ცხოვრობენ. აქ არავინ დაგიკლავს ვარიას, არავინ შეგეხვეწება რომ ,,მეიტეხო კისერი, ფრთა ან კურტუმო“, არავინ მოხდის ქვევრს შენი ჩასვლის აღსანიშნავად. აქ პირველი კითხვა ისაა, თუ რამდენი ხნით აპირებ დარჩენას და რა მანქანით ხარ ჩამოსული. აქ ერთადერთი გასართობი ფეხბურთის ყურება და ბარში ლუდით თრობაა. აქ ყველამ მოახერხა ერთად ეცხოვრათ, მაგრამ ერთმანეთის შეყვარება ვერ მოახერხეს.

ცოტა ხანში ნებრასკაში ვუდის ცოლი და მისი მეორე შვილიც ჩამოდიან. ოჯახი იკვრება, მაგრამ ოჯახური სიმყუდროვე ჯერაც არ იგრძნობა.

ვუდი ადგილობრივი ვარსკვლავი ხდება – მისი „მილიონერობის“ შესახებ უკვე მთელმა დასახლებამ გაიგო. დამოკიდებულებები იცვლება- ახლა მისი ჩამოსვლა ყველას ახარებს. მთელი ფილმის მანძილზე არ მშორდებოდა სიმღერა დათუნია დრუნჩაზე, ერთი ქილა ერბო რომ ერგო და იმდენი იმღერა ,,არ დაგითმობთ არვისაო“, ბოლოს ერთი მუჭაც აღარ დარჩა თავისთვის და ცოტათი იმედიც კი მიცრუვდებოდა, კაციშვილი რომ არ ცდილობდა ვუდის ამ დათუნიასავით მშრალზე დატოვებას, თუმცა, ბოლოს წინათგრძნობა მაინც გამიმართლდა – ქურდები გამოჩნდნენ.

როგორ განვითარდება შემდეგ მოვლენები, ამას აღარ მოგიყვებით – თავად ნახეთ. დავაანონსებ მხოლოდ იმას, რომ დასასრული სრულიად გენიალურია და ჰო, კიდევ – მთელი სეანსის მანძილზე სხვას თუ ვერაფერს, სინდისის ქენჯნასა და შურს მაინც განიცდით: შურს იმიტომ- დევიდისნაირი შვილი რომ არ გყავს, სინდისის ქენჯნას კი იმიტომ, რომ დევიდისნაირი შვილი არ ხარ.

,,Nebraska“ ბევრს ,,little miss sunshine-ს” გაგახსნენებთ, ფილმს, რომელშიც მთელი ოჯახი შვიდი წლის ოლივიას ოცნების ირგვლივ ერთიანდება. მართალია, პატარა მის მომხიბვლელობა დედოფლის გვირგვინს ვერ დაიდგამს, მაგრამ მეორე ოცნება მაინც უსრულდება: დედა, მამა, ძმები ერთმანეთის გვერდში დგომასა და ნდობას, პრობლემების ერთად გადალახვას სწავლობენ. ასევეა ნებრასკაშიც: რა მნიშვნელობა აქვს, როგორ დამთავრდება მოგზაურობა – მისი დაწყება ხომ მაინც ყოველთვის ღირს…

კიდევ ერთი კინო, რომელიც ასოციაცურად ნებრასკასთან დავაკავშირე „because of winn dixie“-ა. ფილმი მოგვითხრობს ბავშვისა და ძაღლის მეგობრობასა და ქალაქზე, რომელიც კანფეტების ქარხნით იყო ცნობილი. შემდეგ ეს ქარხანა დახურეს და ქალაქშიც სიცოცხლე ჩაკვდა. წლების შენდეგ, მოხუცი ქალი თავაზობს ბიჭუნას აი, იმ კანფეტს, აი, იმ ქარხანაში რომ აწარმოებდნენ – ბიჭუნა გამოართმევს და ამბობს – სევდის მოტკბო გემო ჰქონდაო. აი,ზუსტად ასეთ გემოს ტოვებს ეს ფილმი – სევდისა და ნოსტალგიის მოტკბო გემოს. უყურეთ!  🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s