მოგზაურობები

ავტოსტოპით თურქეთში

ის-ის იყო,GEM  fest-ისთვის ჩემოდნის ჩალაგება დავასრულე და facebook -ი  lineup-ის   კიდევ ერთხელ გადასახედად ჩავსქროლე ,რომ უცებ ჰოპ- ანაკლიის სანაპიროზე ყოფილის ჩექინი მომხვდა თვალში,თავის ახალ შეყვარებულთან  ერთად. როცა შენ ჯერ კიდევ მარტო ხარ, ყოფილმა კი შენი ჩამნაცვლებელი უკვე იპოვა, სულ რომ არანაირი გრძნობა აღარ გქონდეს შემორჩენილი,  მაინც  ცუდ ხასიათზე დგები. თან  ის გოგო  თუ შენზე უკეთეს ფორმაშია ხომ საერთოდ სურვილი გეკარგება იქ წასვლის,სადაც მათი ხელი-ხელ ჩაკიდებული დანახვა ყოველ დღე მოგიწევს ,არადა ძლივს ჩალაგებული ჩემოდნის უკან ამოლაგება როგორი საქმეა?! ხოდა,ბევრი არ მიფიქრია,მეგობარს  დავურეკე,ჯემ ფესტის მაგივრად თურქეთში  წავიდეთ-მეთქი  და  წავედით. გზადაგზა ხალხი გვირეკავდა აფორიაქებული-სად  ჯანდაბაში მიდიხართ,იქაურობას ბომბავენო  ,მაგრამ ერთ ყურში შეშვების და მეორედან გამოშვების ამბავი ხომ იცით?

სარფის საზღვარი მხიარულად გადავჭერით. ან კი ,როგორ არ გამხიარულდები, გუგლ თრანსლეითის ასეთი შედევრებით  როცაა მოფენილი მთელი გამშვები პუნქტი?

Collage

გადავედით თუ არა ,ისე რომ სტოპზე არც დავმდგარვართ,  სამმა მანქანამ გაგვიჩერა. ჩვენ ყველაზე ევროპული გარეგნობის მძღოლი შევარჩიეთ იმ იმედით,ინგლისური ეცოდინებათქო,მაგრამ ძალიან შევცდით-მისი ცოდნა ათიოდე ინგლისურ და ამდენივე რუსულ სიტყვას ვერ ცდებოდა და ჩვენც საქმეში ფეხები,ხელები და სახის 130-ივე კუნთი ჩავრთეთ.

მეექვსე კლასში რომ ვიყავი,რამოდენიმე თვით  ერთ აზერბაიჯანულ ოჯახში მომიწია ცხოვრებამ.ერთი ღერი აზერბაიჯანული არ ვიცოდი,ის ბავშვები კიდევ ქართულის გაგებაში არ იყვნენ ,მაგრამ  მაინც ყველაფერს ვაგებინებდით ერთმანეთს.ასე,მაგალითად,ვიცოდი,რომ სამირა დღე-დღეზე უნდა გათხოვილიყო ბიჭზე,რომელზეც აკვნიდანვე იყო დანიშნული.არადა სამირას ჩვენი მეზობელი თემური უყვარდა . ხუმაის უნივერსიტეტში უნდოდა ჩაბარება,მშობლებს კი ამისი გაგონებაც არ სურდათ ,ჰასან ფაშას კი ბაქოში აგზავნიდა მამამისი საცხოვრებლად,მას კი სოფელში სურდა დარჩენა.ამ დროის შემდეგ,სულ ვფიქრობდი,რომ ადამიანებს ჩვენი დამოკიდებულებების,ფიქრების  გასამჟავნებლად სიტყვები სულაც არ გვჭირდება ,რომ ენობრივი ბარიერი სულაც არაა ბარიერი და მერე რა,თუ ორი სიტყვაც არ იცი დამხვდურების ენაზე-მაინც თავისუფლად შემოივლი მსოფლიოს . მაშინაც ,დოღუს მანქანაში ჯდომისას ზუსტად იგივე გავიფიქრე,როცა მან თავისი ათიოდე ინგლისური და რუსული სიტყვით გაგვაგებინა,რომ  სახიფათო მარშრუტი   გვქონდა კაპადოკიაში წასასვლელად  არჩეული და რომ სულ ცოტა ხნის წინ ზუსტად იმ ქალაქთან  ,რომლიდან გადაჯდომასაც ვაპირებდით,ტერაქტი მოხდა ,ამიტომაც  ამ გზაზე  ვერ გაგვიშვებდა. დოღუმ ტრაბზონში თავისი საქმეები მოაგვარა, იქვე,პატარა კაფეში ადგილობრივ სამზარეულოს გვაზიარა ,შემდეგ კი უკან, ხოფაში დაგვაბრუნა და გამოგვიცხადა,რომ თავის საქმეებს გვერდზე გადადებდა და  კაპადოკიაში  თავად წაგვიყვანდა ართვინის გზით ,რომ მშვიდად ეგრძნო თავი , შემდეგ კი სახლში,ტრაბზონში  დაბრუნდებოდა.

ბევრი გვარწმუნა იუ არ სისტერ, იუ არ სისთერო,მაგრამ  მთელი ათი საათი გუგლ მეფიდან თავი არ აგვიწევია- ჩანთაში რაც კი ცოტა მძიმე გვქონდა,ყველაფერი გვერდით დავიწყვეთ, ვინიცობაა გზიდან ოდნავი გადახვევის შემთხვევაში არადანიშნულების მიხედვით გამოსაყენებლად :დდ

წარმოვიდგინე,

რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი ვხდებოდი,რომ  პასპორტს ჩამომართმევდნენ და მთელი ცხოვრება მონად გამამწესებდნენ ადგილობრივ ბორდელში..

წარმოვიდგინე,

რომ დოღუ ადამიანის ორგჰანოებით მოვაჭრე იყო და უკვე  ჩემი გულის ძგერა შავი ბაზრიდან მესმოდა,

წარმოვიდგინე,რომ

დოღუ სექსუალური მანიაკია და გამთენიისას ორი გოგოს გვამს აღმოაჩენენ სადმე ტრასის პირას მიყრილს , გვერდით რაიმე სახასიათო წარწერით-ყველა მანიაკს ხომ გულის სიღრმეში უნდა,რომ იპოვონ.

ამასობაში კაისერში ჩავედით და დოღუს ტელეფონზე დაურეკეს – რომელიღაც ობიექტზე პრობლემა შეგქვემნა და სასწრაფოდ უნდა გამოემგზავროო. დოღუმ დიდი ბოდიშებით,მთლად კაპადოკიამდე ვერ ჩაგაღწევინეთ და დანაშაული რომ გამოვისყიდო,იქნება ჩემი  საბანკო ბარათი წაიღოთ და როგორც გაგიხარდებათ ისე დახარჯეთ,მე თბილისსში კაზინოში დავდივარ ხოლმე სათამაშოდ და რომ ჩამოვალ მერე დამიბრუნეთო.ბუნებრივია ასეთ საჩუქარზე ქვა ავაგდეთ ,ვერ გამოგართმევთო და  დავემშვიდობეთ. აი,ასე-დოღუ არც სუწენიორი აღმოჩნდა,არც ორგანოებით მოვაჭრე და არც სექსუალური მანიაკი,თუმცა ,მგონი ცოტა გიჟი კი იყო,აბა სხვანაირად ვერ ვხსნი მის  მთლად ასეთ გულისხმიერებას…

მომდევნო  ავტოსტოპებზე მთლად ასე აღარ გაგვმართლებია: ძირითადად უჟმური მძღოლები გხვდებოდნენ ,ერთი კარგი ის მოხდა,რომ აი,ეს თურქული ჯგუფი აღმოვაჩინეთ,რაც იმათ ,, წაღვერო და თბილისოებში“ ნამდვილად სულზე მოსწრება იყო.

 

კაპადოკია

როგორც  ერთ-ერთი კაპადოკიური ზღაპარი იწყება , იყო და არა იყო რა , იყო ერთი ვაკე ალაგი ,სამ უწყინარ ვულკანს შორის მოქცეული .ერთ მშვენიერ დღესაც ვულკანებს ყელში ამოუვიდათ იმქვეყნიური უსამართლობების ყურება  და ათასწლეულების  ნაგროვები ბრაზი ამ ვაკე ადგილზე ამოანთხიეს.

გავიდა კიდევ რამოდენიმე ათასწლეული  და ამ ვულკანურ არეალში ჯერ ხეთებმა დაიდეს ბინა, შემდეგ ხალიბებმა თუ მოსინიკებმა მოსინჯეს ადგილი ,შემდეგ უკვე რომის იმპერიისგან დევნილმა ქრისტიანებმა შეაფარეს თავი ეროზიისგან,ქარისა  და წყლის ზემოქმედებისგან გამოკვეთილ ქვაბულებს  და კიდევ რამოდენიმე ათასი წლის მერე მე და მარიამი ჩავედით გორემეში.

Sunrise in Cappadocia, Turkey, with balloons and typical fairy chimney
მზის ჩასვლა გორემეში

გორემე კაპადოკიის ცენტრად ითვლება .აქ ,გორემეს ღია მუზეუმშია თავმოყრილი თითქმის ყველა  მნიშვნელოვანი, რელიგიური დატვირთვის მქონე ღისსშესანიშნაობა :ბნელი ეკლესია, ვაშლების ეკლესია, ბასილის ეკლესია, წითელი ეკლესია, წმ.ბარბარეს სახელობის ეკლესია და სხვ. ისინი ერთმანეთის მიყოლებით კლდეში ნაკვეთ კომპლექსს წარმოადგენენ და შესვლის საფასური  საკმაოდ ძვირი- 25 ლირაა. ეს პილიგრიმების სამოთხე ჩემთვის დიდი ვერაფერი სანახაობა გამოდგა,მაგრამ თქვენ თუ მაინც გადაწყვეტთ დათვალიერება-მოლოცვას,გირჩევთ თან წყლის შეტანა არ დაგავიწყდეთ – დასიცხულს და სასომიხდილს უკვე მირაჟები მეწყებოდა,ბოლოს და ბოლოს წყალს რომ მივაგენი . წყლის ფასი კი ზუსტად ისეთი იყო,მხოლოდ სასომიხდილ და დასიცხულ ადამიანს რომ გაუბედავ .

goreme-open-air-museum-41391855520c49d0e56516228b5a2d3096978926ce5

მენდერესი -გორემეს მთავარი ქუჩა,შარდენს წააგავს (ვიზუალითაც და ფასებითაც).ქუჩის მარცხენა მხარეს კაფეებია ჩამწკრივებული ,მარჯვენა მხარეზე კი ძირითადად სუვენირების მაღაზიებია ,სადაც ყველაზე გემოვნებიანი ხელნაკეთი სამკაულები ,ჩანთები თუ ტანისამოსი იყიდება ,რაც კი აქამდე მინახავს ( და ყველაზე სიმპატიური გამყიდველები ყავთ,სხვათაშორის 😉 ამ მაღაზიებში ვაჭრობის მცდელობისას მივხვდი,რომ სრულიად უნიჭო ვარ ამ სფეროში- ერთ ლირიანი სუვენირები 5 ლირად შემომაჩეჩეს .

351839
ტიპური სუვენირები

 

გორემეში ჩასვლისთანავე კემპინგ ცენტრში წავედით.გზაში უკვე წარმოვიდგინე,როგორ გადავყოფდი  მრავალჭირნახულ ოდისევსებს (ჩემს ბათინკებს ქვიათ ასე)კარვის კარებიდან და კაპადოკიის კლდეების ფონზე როგორ გადავუღებდი სურათს ,

kappp
დაახლოებით ასეთს

მაგრამ საკარვე ადგილი იმხელა თანხა დაგვიფასეს ,რომ წარმოსახულ სურათს ვინ ჩივის ,კაი ხანი საერთოდაც თვალთ მქონდა დაბნელებული.

წამოვედით.გამოგვეკიდა კემპინგის ბიჭი.აკლო და აკლო ,სულ“თავის ფასში გვაძლია“ საკარვე ადგილი,შვილებიც დაიფიცა და შვილიშვილებზეც გადავიდოდა ალბათ ,რომ გვეცლია,მაგრამ ჩვენ ქვა ავაგდეთ -ბარემ 5 ლირასაც დავამატებთ და სასტუმროში წავალთო და დავემშვიდობეთ.

კაპადოკიაში სასტუმროები ქვაბულებშია გაკეთებული.რაც უფრო შერწყმულია შენობა ვულკანურ წარმონაქმნებთან და რაც უფრო გავს  ისტორიულ საცხოვრისებს ,მით მეტია ნომრის ფასი.

LTVs---Yunak-Evleri-Cave-Hotel---01
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასტუმრო გორემეში

დანარჩენ,რეალურ ქვაბულებს კი,რომლებიც ბლომადაა გაფანტული ქალაქში ,იუნესკოს მემკვიდრეობის ფირნიში აკრავს და ტურისტულ სანახაობადაა ქცეული.სანამ მე სასტუმროდან სასტუმროში დავხეტიალობდი ,რომ როგორმე თავისუფალი ოთახი მეშოვა,მარიამი ამ ტურისტულ სანახაობებს ლაშქრავდა. ადგილზე დაბრუნებულმა გამომიცხადა,მოდი ,სასტუმრო არ გვინდა და ერთ-ერთ ასეთ ქვაბულში დავსახლდეთო.იდეა გენიალური იყო და ერთად შევუდექით ყველაზე  რთულად მისადგომი გამოქვაბულის ძებნას-ისეთის,არცერთ ცნობისმოყვარე ტურისტს აზრადაც რომ არ მოსვლოდა შემოსეირნება. პატრულის თავზე დადგომის შემთხვევისთვისაც რაღაც ისტორია მოვბოდეთ-აქაოდა კულტურული ანტროპოლოგები ვართ ,უძველესი კაპადოკიელების  წეს-ჩვეულებებზე ნაშრომს ვწერთ და მათი ყოფის უკეთ გასაგებად  ზუსტად იმ პირობებში ვცდით თავს,რაც მაშინ იყოო,ამოვიღეთ საძილე ტომრები და გათიშულებს ჩაგვეძინა.

IMG_20150810_105009
ასე გამოიყურებოდა ჩვენი ქვაბული

 

მეორე დილას სიყვარულის ველზე წასვლა გვქონდა გადაწყვეტილი,მაგრამ დღის გიგანტური პენისებით დაწყება მთლად კარგ იდეად არ მოგვეჩვენა

es
სიყვარულის ,იგივე პენისების ველი -შერქმეულია ველზე არსებული კლდეების ფორმების გამო.

და ავტოსტოპით ფაშაბაგისკენ გავეშურეთ.

imageno_032600

მძღოლმა ბიძაშვილის ქორწილში დაგვპატიჟა  ერთ-ერთ რესტორანში,7 საათზე და ჩვენც სიამოვნებით დავთანხმდით ,ფაშაბაგის გადასახვევიდან კი გზა ფეხით განვაგრძეთ.ნავიგაცია არ გამოგვიყენებია -გზის მაჩვენებელი ისრები ყოველ 20 მეტრში გვხვდებოდა და მათ მივყვებოდით.

მალე სოფლის მაგივრად ერთ მიყრუებულ მინდორზე აღმოვჩნდით,სადაც საჩაიეს გარდა არაფერი იყო.როგორც შემდეგ გავიგეთ ,საჩაიეს მფლობელს წინა დღეებში ისრების მიმართულება შეუცვლია,რომ ტურისტები თავისთან შეეტყუებინა.გაბრაზებულებს დანა პირს არ გვიხსნიდა,რა ჩაის დალევაზე იყო საუბარი და გზა განვაგრძეთ.ბევრი ვიარეთ თუ ცოტა,ძაღლები გამოგვეკიდნენ .მათ თან ბოდიშების მოხდით პატრონი მოსდევდათ და ასე აღმოვჩნდით არტ ვილაში,რომელიც მთელ ორკვირიან მოგზაურობაში ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი ადგილი აღმოჩნდა.

  • არტ ვილა ,,შარლოტა“
  • Untitled

შარლოტა ჰოლანდიელი მოქანდაკეა ,უკვე წლებია ქვაბულში  თავის თურქ ბოიფრენდთან ერთად ცხოვრობს.მისი ბოიფრენდი კერამიკოსია და  მიწა ბაბუისაგან მემკვიდრეობით მიიღო.კითხვაზე,სულ აქ აპირებს თუ არა ცხოვრებას,შარლოტა ეზოს ბოლოსკენ,წინასწარ გამზადებული საფლავებისკენ მახედებს.მიყვება :თურქეთში პირველად 20 წლის წინ ჩამოვედი,მაშინ ერთ კაცთან ვცხოვრობდი ,რომელიც დიდი ნაბიჭვარი ვინმე იყო,მაგრამ  თურქეთი იყო ისე გადასარევი,მის ხასიათს აბალანსებდაო.მე და მუჰამედი კი უკვე წლებია ვმეგობრობთ  და 4 წლის წინ გადავწყვიტეთ,მეგობრობის გარდა სხვა რამეც გვესინჯაო.ტერიტორიას მათვალიერებინებს – პატარა ,უცნაური ფორმის ვენახი აქვთ გაშენებული-ვაზები ბუჩქებადაა ამოსული.პატარა ბოსტანიც აქვთ,სახელოსნო და ქვაბულში ამოჭრილი ერთი ბეწვა ოთახი.

UntitledssaasaSADS

ნამუშევრებს ვათვალიერებ ,ის კი თითოეულის იდეას მიხსნის -საინტერესო ქანდაკებებია.იქვე ჯილდოები აქვს მიყრილ-მოყრილი.თავიდან მიხსნის რომელი სად აიღო,შემდეგ ბეზრდება ჩამოთვლა და ამბობს,რომ პრინციპში ამას არ აქვს მნიშვნელობა .მიიჩნევს,რომ მთავარი ბედნიერებაა  და არა სახელი,დიდება ან ბევრი ფული.თვითონ სწორედ ამ ბედნიერების საძებნელად წამოვიდა აღმოსავლეთში,მიატოვა თავისი საკმაოდ შემოსავლიანი სამსახური,პროექტები ,გარემოცვა და გოგონა,რომლისგანაც ყველა დიდ მომავალს ელოდა ,სადღაც გადაიკარგა.მიიჩნევს,რომ ყველაფერი აქვს,რაც სურს .ჯერ კიდევ ბავშვობაში ,როცა უფროსები ეკითხებოდნენ  რა გამოხვალო ,ის პასუხობდა: წარმოდგენა არ მაქვს  რა გამოვალ,მაგრამ ის კი ვიცი,სადმე უკაცრიელ ადგილზე ვიცხოვრებ,ოთხი ძაღლი მეყოლება ,საყვარელი კაცი და პატარა ბოსტანიო.ირგვლივ ვიხედები – როგორ გინდა თქვა,რომ მისი ცხოვრება არ შედგა-ყველაფერი აქვს,რასაც ნატრობდა.

წამოსვლისას მოსაწევს გვთავაზობენ და ახლა უკვე ორივე ერთხმად გვიმეორებს,რომ მთავარი ბედნიერების განცდაა  ,სხვა ყველაფერი კი ეშმაკსაც წაუღია.გაღიმებულები მოვდივართ,იქვე,ვაშლს ვკრიფავთ  და ასე,ჭამა-ჭამით ვცდილობთ,ქორწილს მივუსწროთ.

9საათზე მივაღწიეთ დათქმულ რესტორნამდე -არსაიდან ხმა,არსით ძახილი.ვიფიქრეთ,ეტყობა ქართულად აგვიანებენ აქაცთქო.მიმტანმა- ააა,ქორწილიო? შვიდზე დაიწყო და ახლა რაღა დროსიაო?!დამთავრდაო.გამოვბრუნდით მშივრები.მშობლიურ ორდღიან ღრეობებს ვლოცავდით გულში.გზაში ის მიმტანი წამოგვეწია,კვადროციკლით იყო.სად მიდიხართ,გაგიყვანთო.მივუსხედით.ცოტა გადაგვავიწყდა შიმშილი და იმედგაცრუება.

 

***

გაღვიძებისთანავე ოთხი საზრუნავი გვქონდა:

1.ვისთვის გამოგვერთმია ცხელი წყალი თბილისიდან წამოღებული ანაკომების და პიურეების გასაკეთებლად.

2.სად მიგვეღო შხაპი.

3.ვისთან დაგვეტენა ტელეფონი.

4.რა გვენახა იმ დღეს.

ეს ოთხი პუნქტი საკმაოდ ბევრი ხალხის შეწუხებას მოითხოვდა და ჩვენც სულ მალე  უკვე მთელ ქალაქს ვიცნობდით. ასე მაგალითად, წმ.გიორგის სახელობის ტურისტულში რუკებსა და რჩევებს გვაძლევდნენ მარშრუტებთან დაკავშირებით,  METRO-ს  ენაწყლიან გიდს ქალაქზე ამბების მოყოლა და ჩაის დასალევად მიპატიჟება არასოდეს ეზარებოდა ,კაფედოკიაში ცხელ წყალს გვახვედრებდნენ,nitro-ში  wi-fi და ჩარჯერები გველოდა .ერთადერთი WC-ის კარისკაცის გული ვერ მოვიგეთ.თავის მოსაწესრიგებლად ლამის  ორი საათით შესულებს ყოველ 10 წუთში ერთხელ კარზე მოგვიკაკუნებდა ხოლმე და გამოსვლისას  ჩვენს  უზარმაზარ ჩანთებს შეათვალიერებდა  ეჭვის თვალით- მე მგონი ტერორისტები ვეგონეთ, მისი ტუალეტის დასანაღმად სირიიდან ჩასულები .

***

1303_cappadocia_0616s

კაპადოკიაში სამი ცნობილი ველია:ვარდისფერი,წითელი და სიყვარულის. მესამე დღეს ამ ველების სანახავად წავედი-ტოპსა და მოკლე შორტებში გამოწყობილი.ჩვენს წინ კორეელი ტურისტების დიდი ჯგუფი მიდიოდა -ჟაკეტები და ჯინსები ეცვათ.ირონიულად გავხედე,რამ გააგიჟათ ამ სიცხეში,ხომ დაიწვებიან-მეთქი. ერთადერთი,ვინც იმ დღეს მართლა დაიწვა მე ვიყავი-შუადღის პირველი საათისათვის ვარდისფერ ველსა და მე ერთი ფერი გვედო,წითელ ველზე გადასვლისას კი,რომელი უფრო red ვიყავით , მე თუ იქაური ლანდშაფტი , ალაჰმა უწყის.

საღამოს ექიმმა მსუბუქი დამწვრობის დიაგნოზი დამისვა და ბოლომდე დახურული-გრძელმკლავიან-გრძელტოტიანი ტანსაცმლის ჩაცმა გამოგვიწერა. ბევრი ვაფათურე ჩემს ზურგჩანთაში  ხელი,მაგრამ მსგავს მოკრძალებულს ვერაფერს მივაგენი და მომდევნო ორი დღე სახესა და ტანზე სელპაკებაკრული ვმოძრაობდი.

მეორე დღესვე ქალაქში ხმა დაირხა ,მიწისქვეშა ქალაქისაკენ მიმავალ ტურისტებს მუმია გამოეცხადათო )))

  • მიწისქვეშა ქალაქები

underground-city

კაპადოკიაში 40-მდე მიწისქვეშა ქალაქია აღმოჩენილი,რომლებიც ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე არსებობდა .ამ ქალაქებში ყველაფერია-საჯინიბოები,სააბაზანო ოთახები,წყლის რეზერვუარები.ზოგიერთი ასეთი მიწისქვეშა დასახლება ათეულობით კილომეტრზეა გადაჭიმული და თერთმეტ სართულადაა ნაგები.

ამ ქალაქებში ხალხი ძირითადად არ ცხოვრობდა  და თავშესაფრის დანიშნულებით იყენებდნენ,თუმცა ვის ემალებოდნენ იქ დანამდვილებით არავინ იცის .ერთ-ერთი თეორიის მიხედვით ეს მიწისქვეშა ქალაქები უცხოპლანეტელებისგან თავდასაცავად აშენდა ,რომლებიც იმ პერიოდში კაპადოკიას ხშირად სტუმრობდნენ. მე კი სარწმუნო ამბად მიმაჩნია და თქვენი არ ვიცი

Alien22Cappadocia TurkeyHallelujah Truth Tony

  • საჰაერო ბურთები

 

FB_IMG_1439326625024

ვულკანური ლანდშაფტები,ფერადი მთები,კლდეში ნაკვეთი სახლები და ეკლესიები კი კარგია,მაგრამ ტურისტების უდიდესი ნაწილი კაპადოკიაში საჰაერო ბურთებით ფრენის ინტერესით ჩადის.

ყველა ტურისტულ სააგენტოს განსაზღვრული რაოდენობის ბურთები აქვს ,კალათში 20 კაცის ადგილით. ფასები სხვადასხვაა – 100 ევროდან იწყება და სულ ზევით და ზევით მიფრინავს.

ბურთით გაფრენაზე ,,იციასა და არიციას თავგადასავლის“ წაკითხვიდან მოყოლებული,ანუ სადღაც შვიდი წლიდან ვოცნებობდი , მაგრამ GEM ფესტის ფული ამ ამბავში ვერ მეყოფოდა და მეც წინასწარ შევეგუე,რომ მხოლოდ ყურებით უნდა დავკმაყოფილებულიყავი. ღამის 4 საათზე გამოვძვერით საძილე ტომრებიდან და მთაზე დავიწყეთ აცოცება. უკვე 5 საათზე წვერზე ვისხედით და კამერა გვქონდა მომარჯვებული. უკვე აფრენილი საჰაერო ბურთებიდან კორელეები და ჩინელები მოწყენილი სახეებით ჩამოგვყურებდნენ და მივხვდით,ბევრი არაფერი დაგვიკარგავს 100-100 ევრო რომ არ გვქონდა.

***

5 დღე სრულიად საკმარისი აღმოჩნდა კაპადოკიისთვის .უკვე ყელში მქონდა ამოსული სუვენირების ქუჩაც,სადაც ვერაფერს ვყიდულობდით,საჰაერო ბურთებიც,რომლებშიც ვერ ვსხდებოდით და ველებიც,რომლებზეც გამუდმებით ვიკარგებოდით.საღამოს ყველას დავემშვიდობეთ -ჩვენ მათ ენაზე,ისინი ჩვენსაზე და თანხა გადავთვალეთ-5 დღეში 80 ლირა გვქონდა დახარჯული.ახალი თავგადასავლებისთვის მოვემზადეთ -წინ ფამუქქალე და მარმარისი გველოდა.

 

 

ფამუქ-ქალე

ფამუქქალეში სტოპით ჩასვლა რთული საქმე გამოდგა. ათეულობით საზიზღარი მძღოლისა და ლამის საათობით ტრასაზე დგომის შემდეგ ავტობუსის ბილეთები ვიყიდეთ და მეორე დღის ოთხი საათისთვის დენიზლიში ვიყავით. იქიდან პატარა სამარშუტოში გადავსხედით და ცოტახანში უკვე ფამუკკალეს ერთ-ერთ ტურისტულში ვარჩევდით სასტუმროს.

საბოლოოდ,მშვენიერი დორმ რუმი ავიღეთ პირდაპირ თერმული აბანოების შესასვლელთან. თან თავისი კვება და რამე-რუმეებიც შედიოდა და ეს ყველაფერი ძალიან იაფად. სასტუმროს მეპატრონე ნუმიზმატიკი აღმოჩნდა -კედლები სხვადასხვა ქვეყნის კუპიურებით იყო აჭრელებული.იქვე 1000 ლირიანსაც მოვკარით თვალი და ის-ის იყო ოცნება დავიწყეთ ამ 1000 ლირით რისი გაკეთება შეიძლებოდა ,რომ ვიკიპედიამ გვიხსნა შესაძლო ცოდვის ჩადენისგან -2007 წელს შეუცვლიათ თურქეთში ფულის დიზაინი და დღეს-დღეობით 1000ლირიანი სულ აღარ არის მიმოქცევაში.

დორმის მეზობლები კორეელი გოგონები აღმოჩნდნენ-საოცრად მოწესრიგებულები და კოპწიები.მათი შემხედვარე ცოტა შეწუხებული შევცქეროდი ჩემს ოდნავ არეულ საწოლს და ბარგს,მაგრამ ამდენი მონდომებით უარესად ავრიე ყველაფერი და მივხვდი,როგორ გამიმართლა კორეაში რომ არ ვცხოვრობდი. იქვე ,კედელზე გერმანელი ტურისტების ,,ანდერძი“ იყო გაკრული-რჩევებს გვაძლევდნენ ,როგორ აგვეთვისებინა სასტუმროს ყველა სიკეთე ბოლომდე. მეხუთე პუნქტში აუზზე იყო საუბარი- მეზობელ სასტუმროს უკეთესი აქვს  და აქედან და აქედან შეიძლება გადასვლაო.იმ დღესვე დავტესტეთ გერმანელი წინამორბედების რჩევა -მართალს ამბობდნენ (მოპარულ სიმინდს უკეთესი გემო აქვსო,ხომაა ასეთი გამოთქმა ,ხოდა შეპარულ ცურვასაც სულ სხვა მუღამი ქონია).

12038268_1031230473575518_8642237042408232289_n
სურათებისთვის პოზიორობაც მოვასწარით 🙂

დილით უკვე მთავარი სანახაობისკენ , იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი  თერმული აბანოებისკენ ,იგივე ,,ბამბის ციხისკენ“  წავედით. წყალმა,რომელიც მთის ფერდობებიდან ჩამოედინება  კირქვის ბუნებრივი ავზები და კედლები შექმნა, კალციუმით გაჯერებულმა  თერმული წყლების მარილის ნადებმა კი ამ ყველაფერს ქათქათა თეთრი ფერი მიანიჭა   და სურათებში ეს ყველაფერი იმდენად ლამაზი იყო,რომ ვეღარ ვითმენდი.

IMG_20150811_184626

Pamukkale basins

11887562_1011886012176631_1965443878866841576_o (1)

რიგი უსაშველოდ დიდი იყო ,მაგრამ ჩემი ჟურნალისტის საშვით ურიგოდ შევედი.აი,მარიამს კი კარგა ხანი ლოდინმა და 50 ლირის გადახდამ მოუწია :35 ტერიტორიაზე შესვლისთვის და 25 კლეოპატრას აუზისთვის,რომელიც  მიწისძვრის შედეგად დანგრეული რომაული აბანოების ადგილას აშენებული  მინერალური წყლით სავსე უზარმაზარი უაზია .

 

იქიდან ჩამოსულებმა ქვემოთ ხალხის დიდ ნაკადს მოვკარით თვალი. ერთ-ერთი თერმული აუზი უფასო ყოფილა და უფულო ხალხი იქ ნებივრობდა 🙂

 

 ანტალია

საუზმის შემდეგ მოვიკიდეთ ისევ ჩვენი ჩანთები და კაისერში დავბრუნდით. იქიდან იდეაში მარმარისში ვაპირებდით წასვლას – მშვენიერი 35 ლირიანი ჰოსტელიც დაჯავშნილი გვქონდა ,მაგრამ სტოპზე გაჩერებულმა მძღოლმა ანტალიაში მივდივარო და ჩვენც წამიერად შევცვალეთ გეგმა – ანტალიაში გავყევით. ხელოსნები იყვნენ,აუზის გასაკეთებლად მიდიოდნენ .ერთი ღერი ინგლისური არ იცოდნენ და გუგლ თრანსლეითით გვეკითხებოდნენ რაღაცებს . პროგრამა ნორმალურად ვერ თარგმნიდა და ჩვენც მხრების ჩეჩვით ვპასუხობდით . ბოლოს ეტყობა  ჩათვალეს,ინგლისური ამათმაც  არ იციანო და შეგვეშვნენ.

ანტალია უზარმაზარი ქალაქი აღმოჩნდა.ვიდექით სადღაც ცენტრში და ზღვის დანახვაზე ვოცნებობდით,რომელიც არა და არ ჩანდა. შემდეგ ინტერნეტისთვის კაფეში შევედით -იაფიანი ჰოსტელი გვქონდა მოსაძებნი.

კაფეს მეპატრონე ასაკიანი თურქი ქალი იყო -ახალგაზრდა ბოიფრენდით,რომელსაც იქვე,მიმტანად ამუშავებდა. რითი დაგეხმაროთო,ჩვენ ვუთხარით ,ჰოსტელს ვეძებთ ასე 30-70 ლირადთქო.თქვენ რა,გიჟები ხართო?მაგ ფასად შეზლონგს თუ იქირავებთ თავისი ქოლგით,მეტს ვერაფერსო.

სადღაც ერთ საათში უკვე მესამე ჩაის ვსვამდით და ამ ქალის ისტორიებს ვუსმენდით-საქართველოში გატარებულ დროს იხსენებდა.მერე სადღაც გადარეკა-გადმორეკა  და გვეუბნება,ახლა ჩემს მანქანაში ჩაბარგდით, 4 ვარსკვლავიან სასტუმროში მიმყავხართო.შეშინებულებმა გადავხედეთ მე და მარიმ-რაის ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო,კაპიკებიღა გვაქვს დარჩენილითქო. რამდენიც გინდათ იმდენი გადაუხადეთ,ჩემი მოვალეა მეპატრონე ,ფულს არ მიბრუნებს უკვე წლებია და ასე მაინც დავუქვითავო.

ასე სასწაულებრივად აღმოვჩნდით ბელდიბიში ,სასტუმრო იმეროსში. სადღაც 300$ ნომერში 80 ლირა გადავიხადეთ და ოთახში შევვარდით.

საღამოს აღმოვაჩინეთ,რომ პატარა რუსეთში მოვხვედრილვართ :წარწერები -რუსულად,სტაფი -რუსულენოვანი,დამსვენებლები- რუსები, კლუბებში რუსული რეპი და დაბსტეპი,პლიაჟზე-რუსული კარაოკე. სანაპიროს გავუყევით,იქნება ცოტათი მოვშორდეთ ამ ატმოსფეროსთქო და ნურას უკაცრავად- შემოსაზღვრულ ტერიტორიას ვერ გაცდებით,ამის იქით სხვა სასტუმროს ზოლი იწყებაო. ის ყვითელი ქვიშა მაინც ყოფილიყო,სურათებში რომ არეკლამებენ ხოლმე ,კარაოკეს კიდევ გაუძლებდა კაცი,მაგრამ ნურას უკაცრავად-კენჭები,ქვები,ლოდები … ისევ სასტუმროს აუზზე შევბრუნდით ,მაგრამ აქაც მომდევნო დღეს დაელოდეთ ,საღამოს 8-ის მერე აუზში ჩასვლა აკრძალულიაო. რაღას ვიზამდით,კაფეტერიაში გადავინაცვლეთ და რუსულ რეპს ყბას ვაყოლებდი მთელი ღამე ,გაბოროტებული.

ტექნოს ღმერთების სასჯელი

ანტალიიდან თბილისში წამოსასვლელი ბილეთი (ავტობუსის) 120 ლირა ღირდა. ზუსტად ამდენი მქონდა დარჩენილი,არადა გზაში საჭმელიც ხომ დაგვჭირდებათქო,ვიფიქრეთ და მხოლოდ სამსუნამდე ვიყიდეთ გზა- 80 ლირის. იქიდან ისევ სტოპის იმედი გვქონდა.

ჩავსხედით. მძღოლი ქართველი აღმოჩნდა-გაგვიხარდა. თუ გადაწყვეტთ თბილისამდე გამოყოლას,არც მერე იქნება პრობლემა ,დამიმატებთ იმ 40-40 ლირას და წაგიყვანთო,-გვითხრა.არ ვაპირებთ,მაგრამ ვიფიქრებთ მაინცთქო,-ვუპასუხეთ და დავიძარით.

გზაში მარიამი ცუდად გახდა .სამსუნში უკვე იმხელა სიცხე ქონდა ,რომ ცხადი გახდა -სტოპზე დადგომა გაგვიჭირდებოდა. მძღოლიც მიხვდა სიტუაციის გამოუვალობას და მარის ავადმყოფობაზე ხელის მოთბობა გადაწყვიტა-თანხა გააორმაგა და 80-80 ლირის დამატება მოგვთხოვა. რაღას ვიზამდით,კეთილებთან მოკითხვა დავაბარეთ და ტრასაზე დავდექით.

ტრაილერმა წამოგვიყვანა. მძღოლი ანტონიო ბანდერასს გავდა. საღამოს ერთი საათით წაძინებას ვაპირებო ,გვითხრა. ანტონიოს კი გავდა,მაგრამ მასთან ერთად ძილის არანაირი სურვილი არ გვქონდა და ხოფაში ჩამოვედით. ჩამოვზიდეთ ზურგჩანთები,კარავი, საძილე ტომრები, სუვენირების პარკები, წყლის ბოთლები,ნაგავი და ყველაზე მნიშვნელოვანი-ციფრული ფოტოაპარატი ტრაილერში დაგვრჩენია -გვიან აღმოვაჩინეთ.

მივვარდით პოლიციის განყოფილებაში ,სურათები ვაჩვენეთ ჩვენი ჩახდომისა და ჩამოსხდომის ადგილების. ისიც ვუთხარით,გაჩერებასთან კამერაც იყო და იქნება იქიდან ამოვაგდოთ მანქანის ნომერითქო .ახლანდელ ქართულ და თურქულ პოლიციას შორის სხვა თუ არაფერი ,ერთი ძირითადი განსხვავება მაინცააა-ქართველი დაგპირდება მაინც,რომ რამის გაკეთებას შეეცდება,ამათ არაფრის გაგონება არ სურდათ.

ისევ გზას დავადექით-მეტი რა გზა იყო. ბოლომდე მჯეროდა,რომ საზღვარზე მისულს ოფიცერი გვეტყოდა ,თქვენი ციფრული აქ არის, დღეს დილას ტრაილერის მძღოლმა მოგვიტანაო ,მაგრამ არა-  საქართველოსთან რაც უფრო ახლოს ვიყავით, სასწაულები მით ნაკლებად ხდებოდა…

7 thoughts on “ავტოსტოპით თურქეთში

  1. დაახლოებით 300 ლირის ეკონომიას გააკეთებდით ქაუჩსერფერებთან (couchsurfing.com) რომ დარჩენილიყავით და ჰოსტელებზე გაცილებით კარგ გარემოშიc აღმოჩნდებოდით :)))

    Like

    1. არ გვქონდა ქაუჩსერფერების მოძებნის დრო- ერთი დღით ადრე გადავწყვიტეთ წასვლა,თორემ ქაუჩსერფინგით მაქვს მოვლილი ევროპა და მაგაზე გენიალური არაფერი არსებობს :))

      Liked by 1 person

  2. ამხელა რაღაცებს ბოლომდე არ ვკითხულობ ხოლმე,მაგრამ შენ ძალიან მაგრად წერ.და რა გიჟი ხარ ,მაღაზიაშიც არ ჩავდივარ ასე იმპულსურად

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s