შეხვედრა დალაი ლამასთან და ინდური ტიბეტის სხვა ამბები

ერთ კარგ ქართველ მწერალს აქვს მოთხრობა კაცზე,რომელსაც ყველა ოცნება აუხდება და იმის ნაცვლად, ბედნიერება იგრძნოს სასოწარკვეთაში ვარდება- როცა საოცნებო აღარაფერი გრჩება-ცხოვრებას აზრი ეკარგება..მთელი ეს მოგზაურობა ჩემი ახდენილი ოცნებების კასკადია და სასოწარკვეთა ნამდვილად არა,თუმცა თითოეული სურვილის ასრულების შემდეგ რაღაც ამოუხსნელი,უცნაური გრძნობა კი მეუფლება ხოლმე.

სწორედ მსგავსი ,უცნაური განცდებით სავსე დავბრუნდი ლადახის სამეფოდან- ინდოეთის ტიბეტიდან ,დალაი ლამასთან შეხვედრისა და ბუდისტურ ტაძარში რამოდენიმე დღიანი ცხოვრების მერე და ძალიან მინდა ეს განცდები,შთაბეჭდილებები თქვენც გაგიზიაროთ.სულ თავიდან დავიწყებ.

ბავშვობაში  ალბათ ყველას გქონიათ ,,მეგობრობის დღიური” ,ხოდა ყველა მასეთ დღიურში უცილებლად იყო ხოლმე კითხვა იმასთან დაკავშირებით თუ რომელ ცნობილ ადამიანს გაიცნობდი. გახსოვთ რას პასუხობდით ხოლმე? მე დალაი ლამას ვწერდი ყველგან-არ ვიცი ,მასზე ნანახი ფილმების გავლენა იყო თუ ბუდისტური ფილოსოფიით ჩემი ადრეული დაინტერესების.

წლები გავიდა. მეგობრობის დღიურებს აღარავინ მავსებინებს,თუმცა ამ კითხვაზე პასუხი არ შემცვლია,ხოდა,ალბათ წარმოგიდგენიათ რა დამემართებოდა,როცა გავიგე რომ ჩვენგან ორიოდე დღის სავალზე,ლეჰში- ჰიმალაების ერთ -ერთ უმაღლეს ქალაქში დალაი ლამა სამდღიან სწავლებას იწყებდა ბოდჰისატვას ცხოვრების გზის პრაქტიკაში დანერგვის შესახებ,რაც ალტრუიზმისა და სულისკვეთების განვითარების საშუალებით ბოდჰისტავას არსამდე-საყოველთაო ბედნიერებამდე მისვლას გულისხმობს.

სასწრაფოდ ჩანთა ჩავალაგე და მერე რა ,რომ ჩემს მეგობრებს  სხვა გეგმები ქონდათ და წამოყოლას არ აპირებდნენ -მარტო წამოვედი მანალიდან  ლეჰისკენ.

,,ნუთუ ჟანგბადის ბალიშები  არსად იყიდება? ჰაერი არ მყოფნის,გასკდა თავი” ვიღაცის სასოწარკვეთილმა ხმამ გამაღვიძა. რომ მივიხედ-მოვიხედე აღმოვაჩინე,რომ უკვე კეილონგში ჩამოვსულიყავით -მანალი-ლეჰის დამაკავშირებელი გზის სადღაც შუა წერტილზე.  აკლიმატიზაციის გასავლელად ერთი ღამის გატარება აქ გვიწევდა- პირდაპირ ლადახში ასვლა,რომელიც ზღვის დონიდან 2300-5000 მეტრის სიმაღლეზეა, ჯანმრთელობისთვის არ არის უსაფრთხო.

-სასტუმრო უკვე დაჯავშნილი გაქვს?- ჩემ გვერდით მჯდარი ინდუსი ბიჭები მეკითხებიან. დელიდან არიან,ეს მათი პირველი შორეული მოგზაურობაა. არათქო-ვპასუხობ და ერთად მივდივართ რამე იაფიანის მოსაძებნად.საბოლოოდ 150-150 რუპიად მშვენიერ ოთახს ვშოულობთ და ფეხი არ გვაქვს შედგმული თავსხმა წვიმაც იწყება. ინდოეთში ახლა ტროპიკული წვიმების-მუნსუნების სეზონია და ამ დროს სამოგზაუროდ აქ ჩამოსულ ყველა ტურისტს ეჭვის თვალით გვუყურებენ ხოლმე- შერეკილი იქნება ვიღაცაო. ეს ეჭვი ბიჭებს აშკარად კიდევ უფრო გაუმძაფრდათ,როცა გაიგეს ამ თრიფის გამო სამსახურიდან ვიყავი წამოსული-4  თვიან შვებულებას ისე არავინ მომცემდა .

რანაირად აღარ ვეცადე დასაბუთებას – უკვე დიდი ხანია მივხვდი,რომ ოფისში ჯდომა და 9-დან 6-მდე მუშაობა არ მაბედნიერებდა,მუდმივად ძიებისა და კვლევის პროცესში ყოფნაა ის,რისკენაც მივისწრაფვი,რაც  მაინტერესებს და ეს რომ ახლა არ გამეკეთებინა,წლების გასვლასთან ერთად საკუთარი ბედნიერების სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო გაძნელდებოდათქო  ,მაგრამ არაფრის გაგონება არ სურდათ,არანორმალური ხარო-დაჟინებით მიმეორებდნენ.

დილის 4 საათისთვის სადგურისკენ დავიძარით. სწორედ ამ დროს გადის ლეჰისკენ მიმავალი ერთადერთი ავტობუსი. სიბნელეშივე მივხვდი,რომ ორი მორბენალი ლანდი სწორედ ჩემსკენ მოიწევდა. ჯენია და ქეითი აღმოჩნდნენ- მანალის ჰოსთელში გაცნობილი წყვილი . გაგიჟებულები მომვარდნენ- კი მაგრამ,აქ როგორ აღმოჩნდიო. საქმე ისაა,რომ წინა საღამოს, როცა გაიგეს, დილის 10 საათზე ვაპირებდი საზოგადოებრივი და შესაბამისად იაფიანი ( მანალი-კეილონგი: 172 რუპია, კეილონგი- ლეჰი: 540 რუპია) ავტობუსით ლეჰში წასვლას ძალიან ბევრი იცინეს და შანსი არ გაქვსო,მითხრეს. თურმე თვითონ სამი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ლეჰში წასვლას ზუსტად მაგ დროს და არასოდეს ავტობუსი არ ხვდებოდათ. მაშინ ნირი არ გავიტეხე ,მაინც ვცდითქო-ვუთხარი. თვითონ დილის 5ზე ქონდათ ნაყიდი კერძო ( და შესაბამისად ძვირიანი ) ავტობუსის ბილეთი. როგორც გინდა,მაგრამ რომ დავბრუნდებით ლეჰიდან,შენ ისევ აქ დაგხვდები,ნახე თუ არაო-შემომძახეს.

ახლა კი, როგორი იღბლიანი ხარო-,აღფრთოვანებულები ყვიროდნენ.მერე ,კეილონგის სასტუმროზე და ფასზე მკითხეს და ისევ გადაირივნენ-აღმოჩნდა,რომ ყველა სასტუმრო სცადეს და იმ ფასად,რასაც მე ვიხდიდი ვერაფერი ნახეს. ბოლოს მანალიში,ჩვენ საერთო ჰოსთელზე ვილაპარაკეთ და აღმოჩნდა რომ იქაც მათზე სამჯერ ნაკლები მიჯდებოდა..

მთხოვეს შენთან ერთად წამოვალთ სასტუმროს მოსაძებნად,ლეჰში რომ ჩავალთ,ისეთი იღბლიანი ხარ,იქნებ ჩვენც გაგვიმართლოს,შენთან ერთად რომ ვიქნებითო.მაშ ასე,მარტო კი წამოვედი,მაგრამ უკვე ხუთნი ვიყავით- მე,ინდუსი ბიჭები,ჯენია და ქეითი (ჩასვლისას ძაღლიც დაგვემატა- ბუნებრივია,მურიკელა დავარქვი:))

აბა,მზად თუ ხართ 12 საათიანი კოშმარული გზისთვისო -ავტობუსის გამცილებელმა გამომცდელად გადმოგვხედა. მხიარულად დავეთანხმეთ-მაშინ რას წარმოვიდგენდით წინ რა გველოდა.

მანალი-ლეჰის გზატკეცილი მსოფლიოში ყველაზე მაღალ სამანქანო გზად ითვლება და დაახლოებით ისეთია,როგორიც ჩვენი თუშეთი- ოღონდ ბეეეევრად უფრო გრძელი. ოფიციალური წყაროების მიხედვით,მის დაგებას 20იოდე მუშის სიცოცხლე შეეწირა.

სტრესისგან გასათავისუფლებლად და ამავდროულად მოტივაციის გასაზრდელად მთელ გზას სახალისო ტრაფარეტები მიუყვება :

,,DONT BE A GAMA IN THE LAND OF LAMA”

,,ALL WILL WAIT ,BETTER BE LATE”

,,DEEP PEEP- DONT SLEEP!”

,,NO HURRY-NO WORRY”

,,AFTER WHISKY,DRIVING IS RISKY”

გზის ამ მონაკვეთზე ,ჰიმალაის 5 მთაა გასავლელი:

rohtang la ( 3978მ) – ამ მონაკვეთზე ტრასას ირგვლივ ყინულის კედლები მიუყვება,რომლებიც  მსგავსი ამონაკაწრებით არის სავსე : ,,ayshvaria+ suraj=love ” ,, daanish,fuck you”  ,,Jimmy was there” ….

Baralacha la ( 4892 m) ჩვენებურად მტირალა მთა,სადაც წელიწადში 360 დღიდან 380-ში წვიმა და თოვლია .

Nakelee La (4738 m) -ყველაზე სახიფათო მოსახვევებით- რომ გავიარეთ მაშველებს ამოყავდათ დამტვრეული მოტოციკლეტი. უკან რომ ვბრუნდებოდი- დამტვრეული ჯიპი.

IMG_20170801_083348 copy

lachung la ( 5059მ)  -გამაოგნებელი პეიზაჟებით  და

tanglang la ( 5325მ) – სადაც იმდენი ხნით გაჩერდა ჩვენი ავტობუსი,რომ ზედ წვერზეც მოვასწარი აფორთხება. ისეთი სიცივე იყო,მადლობა სერგის, რომ ქურთუკი გამომატანა,თორემ მხოლოდ ჩემი თერმოებით ცოცხალი ნამდვილად ვერ  ჩამოვაღწევდი.

wp-image-681219764

უკვე ბნელდებოდა,ლეჰში რომ ავედით. აბა გამოიცანით,რას ვიზამდით? -მართალია.ეგრევე ინტერნეტის მოსაძებნად გავეშურეთ. ბოლოს და ბოლოს მივაგენით რაღაცას   და აღმოჩნდა რომ ხოგაის ( ჩემი მეგობრის მეგობარს) მოუწერია -გადაიდო ჩემი წასვლა მთებში  და ამაღამ ჩემთან შეგიძლია დარჩე,ერთი დამატებითი ადგილი მაქვსო.

წავედით ხუთივენი ხოგაისთან შესახვედრად და ჰოი,საოცრება- თურმე  ჯენია და ხოგაი ერთი ქალაქიდან,მეზობელი სახლებიდან ყოფილან,ატყდა ერთი ჟრიამული ))

ხოდა,მოკლედ,ხომ ვამბობთ ხოლმე რა პატარაა ეს თბილისიო,და თურმე თბილისი კი არა ,თვითონ სამყაროა ძალიან პატარა და არავინ იცის,ვის ,სად,ვისი წყალობით გადაეყრები :))

დილაუთენია მე ,ქეითი და ჯენია (რომლებიც ჩემს მეზობლადვე დასახლდნენ) დალაი ლამასკენ მიმავალ გზას დავადექით.კითხვა -კითხვით მივიწევდით,როცა ბუდისტი ბერი დავინახე.

გზის მისწავლება ვთხოვე  და 10 წუთი თუ დამიცდი,მეც იქ მივდივარ და წაგიყვანთო-მიპასუხა. ასე აღმოვჩნდით ათასობით დამსწრეს შორის ყველაზე კარგ ადგილზე -ზუსტად დალაი ლამას წინ,ბუდისტი ბერების განყოფილებაში.

 

ვუსმენდი როგორ საუბრობდა ჩინეთთან დამოკიდებულებაზე და იმ უსუსურ მდგომარეობაზე,რომელშიც ინდოეთში გამოკეტილი ლამა იმყოფებოდა . სწავლისა და სწავლების მეთოდებზე ,- რომ შემეცნებისთვის ორი საწყისი უნარის-გაგებისა და მოსმენის შემდგომ ანალიზისა და ინტუიციის უნარის განვითარებაა საჭირო და რომ მხოლოდ კითხვა ვერაფერს მოგცემს ,თუ იმის გაანალიზება არ დაიწყე,თუ რა არის იმის მიზეზი,რომ ყველა წყარო ერთი ამბის განსხვავებულ ინტერპრეტაციებს გვთავაზობს.იმაზე,თუ როგორ არაფერი აქვთ ტიბეტში სულიერი სიმხნევის გარდა ,მაგრამ აქვთ მთავარი- ბედნიერება ,რომელიც ყოფიერების მთავარი მიზანია . ,, იყო კეთილი  და სათნო არ არის ხარჯი,ის კი,რასაც ამ თვისებების სანაცვლოდ იღებ-ნამდვილად სიმდიდრეს წარმოადგენს. ასე რომ იყავით კეთილები- როცა ეს შესაძლებელია,ეს კი ყოველთვის ს შესაძლებელია. მთავარია სიკეთის კეთების მიზანი ეგოისტურ მოტივებზე არ იდგეს- თუ ამას შეამჩნევთ მაშინვე შეჩერდით-არასწორ გზას ადგახართ. გზის თავიდან არჩევა კი არასოდესაა გვიანი”.  ვუსმენდი,როგორ საუბრობდა ფიზიკურ სიჯანსაღეზე,სხეეულის სრულყოფაზე -რასაც თურმე ყველა ბუდისტის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს,ვუსმენდი ტანჯვისა და სიხარულის ლამასეულ კლასიფიციფებას და არ მჯეროდა,რომ ბავშვობის სურვილები ასე მარტივად ხდება.

სწავლების ბოლო დღე დალოცვის რიტუალს დაეთმო.ყველა დამსწრეს დღეგრძელობა გვისურვა და იმედი გამოთქვა ,რომ მომდევნო წელსაც იცოცხლებდა,რათა სწავლება ამავე ადგილზე,შეწყვეტილი ადგილიდან გაეგრძელებინა. აქვე მომდევნო დალაი ლამაზეც ჩამოაგდო სიტყვა და აღნიშნა,რომ გაგრძელდება თუ არა ლამას ინსტიტუტი მთლიანად ხალხის გადასაწყვეტია და თვითონ არ აპირებს ჩარევას.

ცხადია,რომ 83 წლის ტენზინ გიაცო ანუ ახლანდელი დალაი ლამა მთელი ცხივრება ცას ვერ გამოეკერება ,ადრე თუ გვიან მისი სული დატოვებს მოხუც სხეულს და ვისში რეინკარნირდება ეს ადვილი განსაჭვრეტი ნამდვილად არ არის.

ამის დადგენა სპეციალური საბჭოსა და პანჩენ ლამას პრეროგატივაა .მან უნდა შეისწავლოს სოფელ-სოფელ მოძიებული ლამობის კანდიდატები და რიტუალის შემდეგ მათგან ერთი,ნამდვილი რეინკარნირებული სული გამოამჟღავნოს.

ჩინეთის მთავრობას პანჩენ ლამას საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება სურს ,სწორედ ამიტომ წლების წინ დალაი ლამას მიერ შერჩეული 6 წლის პანჩენ ლამა გადამალეს და ჩინეთის მთავრობის გარდა მისი ასავალ – დასავალი ღმერთებმაც კი არ იციან.

….

მომდევნო დღეებში ხოგაისთან ერთად ათეულობით უზეუმი და ცენტრი მოვინახულე,სადაც ტიბეტის ისტორიას და ჩინურ ტერორს გავეცანით. ასევე ვნახეთ უამრავი ხელოვნების ნიმუში,რომელიც ტიბეტელმა ლტოლვილებმა  ჩამოიტანეს,როდესაც ჰიმალაების გავლით ინდოეთში გამოექცნენ ჩინურ ოკუპაციას .

საოცარია,რა ადვილად უმეგობრდებიან ადამიანები ერთმანეთს გზაზე. როცა იცი,რომ დრო ცოტაა, აღარ გჭირდება არანაირი შესავლები და ყველა ის წარმოსახვითი საფეხური,რაც ურთიერთობებში დავაწესეთ აზრს კარგავს.

როცა ხოგაიმ მითხრა,ხვალ მწვერვალისკენ დავიძვრები,როგორც იქნაო- თან გამიხარდა და თან ვიგრძენი ,როგორ ავნერვიულდი. ორიოდე დღეში ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანად ქცეულიყო- მივხვდი.

ხოგაი მეზღვაურია. საკუთარი იახტა ელოდება საბერძნეთში და 10 დღეში იქ უნდა იყოს. დრო სულ ცოტაღა აქვს რომ ათი წლის წინ ჩათქმული ოცნება აისრულოს და ჩვენი სახლიდან ამაყად და ცივად- ყველაზე თოვლიანი მწვერვალი რომ იცქირება ის დაიპყროს. ამ ათი წლის წინ საკუთარი თავისთვის მიცემული პირობის ასრულებას აგერ უკვე მესამე თვეა ცდილობს. ბევრჯერ გამობრუნდა უკან. ხან იყო და ამინდი ირეოდა,ხან იყო და მეწყვილეს ვერ პოულობდა. ახლა ჯორჯიასთან ერთად უნდა სცადოს. როგორი დამთხვევაა- შენ ჯორჯიიდან ჩემთან ჩამოხვედი,მე კი ჯორჯიასთან ერთად უნდა მიგატოვო,რომ ოცნებებს გავეკიდოო-მეუბნება. მთავარია,მშვიდობით დაბრუნდეს . ნუ გეშინიაო,მეუბნება. თვითონაც ეშინია-ოღონდ არა იმის,რისიც მე- უფრო კვლავ მწვერვალზე აუსვლელად გამობრუნება აფრთხობს.

დილას ვერ ვაცილებ- დაკარგული პარალონის დაბრუნების მცდელობამ იმაზე დიდი დრო წამართვა,ვიდრე ველოდი. წერილი მხვდება- შენზე ვიფიქრებო- მპირდება და ნეტა სულელი ვარ თუ მამაციო-კითხულობს. ამას მეც სულ ვეკითხები საკუთარ თავს- ინდოეთში მარტო დავხეტიალობ . ვინ ვარ მე? სულელი? მამაცი? …

მომდევნო დღეს მონასტრების ნახვა მაქვს დაგეგმილი – მიმართლებს და პირველივე ბუდისტურ გომპაში მანდალას დაშლას ვესწრები- იმ მანდალას,მთელი ერთი თვე რომ აწყობდნენ ქვიშისგან . ეს ერთგვარი სავარჯიშოა- ყურადღების ფოკუსირებისა და მედიტაციისთვის. და იმის შესაგრძნობად,რომ ყველაფერი წარმავალია,რაც ამ სამყაროშია და არაფერი მატერიალურისადმი დამოკიდებულების განვითარება არ ღირს.

მეორე ბუდისტურ მონასტერში გვიანობამდე მიწევს შემორჩენა- ჯერ იყო და ესპანელმა ტურისტებმა მომაცდინეს,მერე პაწაწინა ბუდისტი monk გავიცანი და მთავარ ბერთან ერთად ინგლისურად თვლაში ვამეცადინებდი , მერე ბარემ ცოტახანიც დარჩი- მოსაღამოვებულზე უფრო კარგი ხედია განათებულ ლეჰზეო,ხოდა ,ისე მოხდა რომ ღამის თერთმეტ საათზეც იქ ვიყავი.

გულში ვდარდობდი- რა ჩაფორთხდება ახლა ქვემოთ,ფანარიც დამრჩა და მობილურიც დაჯდომის პირასაა,რა მოხდება აქ დამიტოვონ,მაგრამ ამის თხოვნა როგორ შევკადროთქო. ამ დროს მომიბრუნდა მთავარი ბერი და მეუბნება:ამ სიბნელეში გაგიჭირდება ჩასვლა,თუ გინდა ამაღამ ჩვენთან დარჩიო…<3

ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე წყნარი ორი დღე და მივხვდი,რომ აქ ისევ დავბრუნდებოდი ოდესმე.თუნდაც ხოგაივით 10 წლის მერე…

შემდეგ იყო ისევ მტანჯველი ორდღიანი გზა,უამრავი პასპორტ კონტროლის გავლა ,რა დროსაც ძალიან მაწყენინეს : ლეჰის გამშვებ პუნქტზე 10 წუთი ატრიალეს ჩემი პასპორტის სურათი ხან აქედან,ხან იქიდან და ბოლოს გამომიცხადეს არ გვჯერა რომ ფოტოზე გამოსახული ლამაზი გოგო შენ ხარო.. ანუ პირისპირ რანაირად უნდა გამოიყურებოდეს ადამიანი პასპორტის ფოტოზე რომ უფრო  ლამაზი ეჩვენოთ ,თქვენც ხვდებით ალბათ…:)))

და როგორც იქნა მანალიში ჩამოვედი.

ჰოსთელში,რომელშიც წასვლამდე ვცხოვრობდი,გამომიცხადეს,რომ იგივე ფასად ვეღარ დამტოვებდნენ,რადგან ახლა მეტი სტუმრები ყავდათ და ძვირიანი ოთახებიღა იყო დარჩენილი . შეგუებული იმას,რომ იღბალი დავკარგე, ის ის იყო სხვა სასტუმროს მოსაძებნად და ზურგჩანთის მოსაკიდებლად გავიწიე ,ვარუნმა რომ დამადევნა: იგივე ფასად ვერ,მაგრამ შემიძლია ორი ღამით სულმთლად უფასოდ დაგტოვო,თუ კარგ რევიუს დამიწერო :)))

ესეც რევიუს სანაცვლოდ მიღებული ოთახი )

ასეთი მამაძაღლობები მარტო დოკუმენტურ ფილმებში მქონდა ნანახი და თავი უმალვე სუპერ მოგზაურად წარმომიდგა.

საღამოს ხოგაის მესიჯი მომივიდა-ბარში დავბრუნდი. მწვერვალზე ასვლა ისევ ვერ შევძელი ,მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ. ბედნიერი იმით,რომ ვიცი, ყველაფერი ვცადე,რისი გაკეთებაც შემეძლოო. იქნებ სწორედ ამაშია ბედნიერება- არა ასრულებულ ოცნებებში,არამედ იმის გაანალიზებაში ,რომ მის ასასრულებლად უკან არაფერზე დაგიხევია …

8 Comments Add yours

  1. annitahallo says:

    ვერ წარმოიდგენ რა სიამოვნებით და ცნობისმოყვარეობით წავიკითხე. ყოჩაღ ყველა მხრივ!იმისთვის, რომ ასეთი გამბედავი, მიზანდასახული და საინტერესო ადამიანი ხარ! ბევრ წარმატებას გისურვებ! 🙂

    Like

    1. ვაიჰ ❤ მადლობა

      Like

  2. ნინო says:

    მე აღფრთოვანებული ვარ თქვენით.მე სხვა ქალაქშიც ვერ გადავაადგილდები პრობლემა რომ არ დავინახო.სურათები ულამაზესია.წარმატებები.თქვენ ძალიან მამაცი ხართ.💝💝💝💝

    Like

    1. დიდი მადლობა ! ❤

      Like

      1. ნინო says:

        Like

  3. oleanderi says:

    Wow. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. მეც დავწერ ალბათ მსგავს ისტორიას ჩემს აზიურ მოგზაურობებზე. ოდესმე.

    Like

    1. ველოდები. მალე ოღონდ :))

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s