ყველაფერი ამსტერდამის შესახებ

მეგობარმა თქვა ერთხელ, აზიატ კაცებს რომ უმანკო გოგოები ხიბლავთ ეგრე ვართ, ოღონდ  ქვეყნებსა და ქალაქებზე – თუ ბევრი ადამიანია ნამყოფი ინტერესი გვეკარგებაო და ეგეთი ზუსტი დახასიათება იშვიათად თუ უთქვამს ვინმეს. შესაბამისად ცოტა ხნით ამსტერდამში მუშაობა რომ შემომთავაზეს, დიდი ენთუზიაზმი არ გამომიხატავს. მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ ეს ერთი შეხედვით გაცვეთილი ქალაქი, იმ ადგილად იქცეოდა, სადაც მეორედ კი არა, მეასედაც სიამოვნებით ჩავიდოდი .

 

გადაადგილება

გაფრენა ტრადიციულად ქუთაისიდან – ვიზეარით გადავწყვიტე. რადგან ამსტერდამში ვიზეარით პირდაპირი ფრენა არ გვაქვს ( კარგი ამბავი: აგვისტოდან ემატება ახალი მიმართულება –  ეინდჰოვენი და იქიდან სულ საათნახევარია ამსტერდამამდე)  ყველაზე იაფიანი და მოკლე გზა დორტმუნდია, მაგრამ რადგან ვიქენდი მემთხვეოდა, ბარემ ბერლინში ჩაფრენა გადავწყვიტე. ვინაიდან ზუსტად არ ვიცოდი, ბერლინში ორი ღამე დავრჩებოდი თუ ერთი, სასტუმრო მეინინგერი დავჯავშნე – რომელიც ბუქინგისას ბარათის მონაცემებს არ ითხოვს და ნებისმიერ დროს შეიძლება გაუქმება. დარჩენაც უაიფესია – 11 ევრო ღამე ,ექვსკაციან ოთახში, თან ისთ საიდ გალერის გვერდზე. ბერლინზე აქ მეტს აღარ გავაგრძელებ – სხვა ბლოგში შეგიძლიათ იხილოთ ბერლინური ამბები.

ჩაფრენიდან მესამე დღეს, ბერლინის ავტობუსის ცენტრალური გაჩერებიდან ფლიქსბასს გავყევი. მძღოლი იყო საოცრება – წინასწარ მომზადებული მუსიკალური პროგრამით, ხუმრობებით, საოცრად მეგობრული ჟესტებით – თამამად შეიძლება ითქვას, რომ 50 ევრო, რომელზეც მანამდე ძალიან ვწუწუნებდი, ამ მგზავრობისთვის ნამდვილად ღირდა, რასაც უკანა რეისზე ვერ ვიტყვი – ამქვეყნად ყველაზე საშინელი მძღოლი შემხვდა, ასეთივე გამცილებლით. ზრდილობისა და თავაზიანობის შესახებ, დარწმუნენული ვარ, ყურმოკვრითაც არაფერი სმენოდათ – თუმცა ეს უკვე სულ სხვა ამბავია.

amsterdam-metro-map

9 საათიანი მგზავრობის შემდეგ Sloterdijk-ის სადგურში ვიყავი. აღმოჩნდა, რომ ამსტერდამის მეტროში 4 ხაზია და მწვანე ხაზი ამ სადგურიდან პირდაპირ ცენტრამდე მიმიყვანდა, სადაც ქაუჩსერფერი – ჯოსი მელოდებოდა. 32 წლის პროგრამისტი, რომელიც ატლასებს და გლობუსებს აგროვებს და ჩასულს მშრალ ხიდზე ნაყიდი რუქით მაწონებდა თავს :)) თუმცა ეს ბლოგი არც ქაუჩსერფერებზეა – ამათზე აქ შეგიძლიათ იხილოთ, ამიტომ ფასებზე გადავალ:

მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიით (GVB)  1 საათიანი მგზავრობა (დროის ათვლა ხდება არა ყიდვის დროის მიხედვით, არამედ ბილეთის გააქტიურებიდან)- 3,20 ევრო ღირს, 24 საათიანი   – 8 ევრო, 48 საათიანი 13.50, ხოლო  ერთ კვირიანი – 36.50€ დაგიჯდებათ. ამ ბარათებით ამსტერდამის ნებისმიერი ტრანსპორტით შეგიძლიათ მგზავრობა – მეტროთი, ტრამვაით- რომელიც ცენტრში დადის და ღამის ავტობუსებით (მეტრო მხოლოს 12 საათამდე მუშაობს ).

ხოლო თუ  აეროპორტის ტრანსფერითაც გინდათ ისარგებლოთ, ამისთვის დაგჭირდებათ Amsterdam travel ticket. ერთი დღის ფასი – 17 € არის და დროის ათვლა საკმაოდ სპეციფიური აქვს: მაგ. ერთ დღიანი ბილეთის ვადა  GVB day/ multi ticket- ის მსგავსად, მისი გატარებიდან 24 საათის მერე კი არ ამოიწურება,  არამედ ამ ტიპის ბილეთი ვარგისია მისი გატარებიდან მომდევნო დღის 04:00 საათამდე. ასე რომ, Amsterdam travel ticket -ის პირველად გატარება რეკომენდირებულია დღის პირველ ნახევარში, რადგან მიუხედავად იმისა, თუ რომელ საათზე გამოიყენებთ პირველად, 10:00 საათზე, თუ მაგალითად 21:00 საათზე, მომდევნო დღის 04:00 საათზე ბილეთს მაინც გაუვა ვადა.

 

კვება და სხვა

სადგურზევე შევვარდი წყლის საყიდლად – აღმოჩნდა, რომ ცენტრალურ/სადგურის მარკეტებში წყალი 2 ევრო ღირს, კოკა- კოლა და რედბულიც – ამდენივე, დაჭრილ – დაფასოებული ძეხვის ყიდვა 1 ევროდ შეგიძლიათ, თხევადი ყველის – 50 ცენტად, ხოლო პური -1,5 ევრო დაგიჯდებათ. ანუ ერთი საუზმისთვის დაახლოებით 5 ევრო დაგეხარჯებათ. ამდენივე ღირს მაღაზიაში არსებული მზა ბურგერები და პიცა + წვენი- ქუჩებში არსებულ საცხობებში.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტუალეტებს – სარგებლობა ფასიანია და თითქმის ყველგან 50 ცენტი ღირს.

სუვენირების ფასები კი 1 ევროდან იწყება. ასე რომ ამსტერდამის, როგორც ერთ – ერთი ყველაზე ძვირი ქალაქის ლეგენდა არამგონია მთლად სიმართლეს შეეფერებოდეს.

 

ქოფიშოპები და მეჯიქ მაშრუმები

ლამაზი არქიტექტურის, ტიტებით მორთული ქუჩებისა და პაწაწინა არხების გარდა, რითიც ეს ქალაქი ტურისტებს იზიდავს – მოსაწევი და ტრუფელებია. ქალაქში, სადაც ლუდის გარეთ დალევა აკრძალულია, ამ ყველაფერს ყოველი ფეხის გაწვდენაზე იპოვით. მოსაწევისთვის 250-მდე ქოფიშოპია ქალაქში, მათგან ყველაზე ცნობილებია:

The Bulldog – რომელიც ქოფიშოპებისა და სასტუმროების ქსელია და მისი ერთ-ერთი შოპი არც მეტი, არც ნაკლები – პოლიციის ყოფილ შენობაშია განთავსებული J

Siberie – პატარა და კომფორტული ქოფიშოპი, რომელიც სავსეა ბორდგეიმებით, კვირაში რამდენჯერმე აკუსტიკური კონცერტებით, გამოფენებით და სხვადასხვა პერფორმანსებით ანებივრებს ვიზიტორებს.

Green House Centrum – რომელიც პირდაპირ წითელი ფარნების ქუჩაზე, არხის გვერდზეა განთავსებული და მოგზაურების შეკრების საყვარელი ადგილია.

Grey Area – პატარა ქოფიშოპი, დიდი ისტორიით , რომელსაც სელებრითების ქოფიშოპსაც ეძახიან – ძალიან ბევრი არტისტი, ამსტერდამში ჩამოსვლისას, სწორედ აქ მიდის განსატვირთად.

Boerejongens – რომელიც ბულდოგივით ქსელია და ცენტრში ორი ქოფი შოპი აქვს. გამოირჩევიან მაღალი ხარისხით და კარგი სერვისით.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქოფიშოპი თავისი კონცეფციით და მომხმარებელთან ურთიერთობის სტილით განსხვავდება ერთმანეთისგან, ერთი რამ აერთიანებთ – მკაცრი წესები. ასე რომ შესასვლელად პირადობის ან პასპორტის თან წაღება არ დაგავიწყდეთ. ამას გარდა, გაითვალისწინეთ, რომ ერთ ქოფიშოპში მაქსიმუმ ორჯერ შეგიძლია მისვლა დღის განმავლობაში და 24 საათში მაქსიმუმ 5 გრამის შეძენაა ლიმიტი. ქოფიშოპებში აკრძალულია ალკოჰოლი, სიგარეტი და ძლიერი ნარკოტიკული საშუალებების მიღება.

ფასები თითქმის ყველგან იდენტურია – განსხვავება 2-3 ევროა ხოლმე და 2018 წელს ასე გამოიყურებოდა :

67f852a91a7ddb47390f5020cd7aa1da

 

რაც შეეხება სოკოებს – როგორც აღმოჩნდა, ამსტერდამში ნამდვილი მეჯიქ მაშრუმები აღარ არსებობს, სანაცვლოდ, ქიმიურად დამუშავებულ, ბევრად უსაფრთხო და სუსტ ტრუფელებს გთავაზობენ, რომლებიც პატარ-პატარა მაღაზიებში (სმარტშოპებში) იყიდება.

ამსტერდამში 40-მდე სმარტშოპია , რომლებიც კანაფთან და დრაგებთან დაკავშირებულ ატრიბუტიკას ყიდიან – ფაიფები, შესახვევი ქაღალდები, გრაინდერები, მარიხუანას თესლი, მცენარის გასაზრდელი ხელსაწყოები – ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ ასეთ მაღაზიებში. ასეთი შოპის ვიტრინაში სოკოს გამოსახულებასაც თუ მოკრავთ თვალს – ესე იგი ტრუფელებიც იყიდება და თამამად შეგიძლიათ შეაბიჯოთ.

ტრუფელები მრავალგვარი არსებობს, სხვადასხვანაირი ეფექტით. ზოგი ვიზუალური ეფექტებით გამოირჩევა, ზოგი ტვინზე, ქვეცნობიერზე მოქმედებს განსაკუთრებულად, ზოგიც- სხეულზე, შესაბამისად, ჯერ ის უნდა აარჩიო, თუ როგორი თრიფი გინდა და შემდეგ გადაწყვიტო, რომელი სახეობის სოკოს მიიღებ.

ფილოსოფიური ქვა – იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, საკუთარი ტვინის ხვეულებში მოგზაურობა და ქვეცნობიერის დაშიფრული საიდუმლოებების ამოხსნა რომ უნდათ . თავიდან უამრავი ინფორმაცია მოგეყრებათ ერათდროულად და ყველაფრის გაგება ძალიან რთულად მოგეჩვენებათ, მაგრამ რაღაც დროის მერე, მიღებული ინფორმაციის დალაგებას და გაგებას ისწავლით, დამშვიდდებით და საკუთარ თავთან დიალოგიც დაიწყება. თრიფის დამთავრების შემდეგ უფრო ბრძენი მოგეჩვენებათ თქვენი თავი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ძალიან მაგარი მიგნება, თრიფის დასრულებისთანავე დაგავიწყებათ.

psilocybe_tampanensis_poster

უტოპიის ნაყოფი – ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სოკოა, რომელსაც პირველ ჯერზე გასასინჯად არ გირჩევთ. სოკოს მიღებისთანავე იწყება ძლიერი ჰალუცინაციები, ირგვლივ ყველაფერი ფერადდება და გეჩვენებათ, რომ საკუთარ სხეულში სისხლის მოძრაობის დანახვაც კი შეგიძლიათ. მეტიც, მუსიკასაც კი ფერებად ხედავთ და ყველაფერი იმდენად მშვენიერია, გეშინიათ გული არ გაგისკდეთ.

psilocybe_atlantis_poster

მაშროქსი – კოსმოსური ოდისეის მოყვარულებისთვის არის. თუკი გალაკტიკათშორისი მოგზაურობა ერთხელ მაინც გინატრიათ – შეგიძლიათ ამ ტრუფელის წყალობით აისრულოთ – ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს დროისა და სივრცის მსერავი ასტეროიდი ხართ.

Mushrocks-377x400

Dragon’s Dynamite – კოკაინის მოყვარულებს მოეწონებათ. ეფექტი მსგავსია – უძლეველობის, აღმატებულობის შეგრძნება. გგონიათ, თითქოს ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ. ფაქტობრივად დრაკონი ხართ, რომელსაც ვერცერთი სამეფოს ჯარი ვერაფერს დააკლებს.

Dragons-Dynamite-394x400

 

ფასები – სხვადასხვა ტრუფელის შემთხვევაში სხვადასხვაა. ძირითადად 10-დან 20 ევრომდე მერყეობს და ორ დამწყებზე  თავისუფლად შეიძლება გაყოფა.

მოხმარების წესი – უნდა დაიწყოთ ნახევარი დოზით. მოქმედებას მიღებიდან 45 წუთში დაიწყებს და მიხვდებით, გსურთ თუ არა დამატება.

ტრუფელის მიღება მშიერ კუჭზეა რეკომენდირებული. შეჭამთ თუ ჩაის სახით მოამზადებთ – ეს უკვე თქვენ გემოვნებაზეა დამოკიდებული. პირველ შემთხვევაში – კარგად უნდა დაღეჭოთ, მეორე ვარიანტში კი ტრუფელები წვრილად უნდა დაჭრათ და დატოვოთ ცხელ წყალში 20 წუთის განმავლობაში.

სად მივიღოთ: იმისთვის, რომ თრიფისგან სიამოვნება მიიღოთ, აუცილებელია კომფორტული, მშვიდი გარემო . ყველაზე სასურველია სახლი (კომფორტული საწოლით/დივანით) ან პარკი (სიმწვანით, სიმშვიდით და ნაკლები ხალხით).

 

მუზეუმები

ქალაქში სულ 75 მუზეუმია: ხელოვნების, ჭადრაკის, მოდის, სექსის ისტორიისა თუ იახტების ისტორიის შესახებ.

ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ვან გოგისა და Rijks (ეს არ ვიცი როგორ წარმოითქმის) მუზეუმებია.

ვან გოგის მუზეუმში შესვლა 19 ევროა (თუ 18 წელს ზემოთ ხართ), აუდიო გიდის ფასი კი – 5 ევრო. ამ ფასად თქვენ ნახავთ 200-მდე ნახატს, ორ ამდენ ჩანახატს და 750 წერილს, ვან გოგის მიერ გაგზავნილს.

მუზეუმი დილის 9-დან საღამოს 6-მდე მუშაობს, პარასკევს კი საღამოს 10 საათამდეა ღია. თუ პრეს-ბარათი გაქვთ, თქვენთვის უფასოა, თუმცა ერთი დღით ადრე ონალინ რეგისტრაცია უნდა გაიაროთ აუცილებლად.

Rijksmuseum-ს რაც შეეხება, ჰოლანდიურ ხელოვნებაზე  და ისტორიაზე წარმოდგენის შექმნა თუ გინდათ, ვფიქრობ რომ აუცილებელად უნდა ეწვიოთ.

ონლაინ შეძენის შემთხვევაში ფასი 19 ევროა, ადგილზე- 20 ევრო. სამუშაო საათები კი 9-დან 5 საათამდეა.

მუზეუმში გამოფენილია რემბრანდტის, ვერმეერის, ვან გოგისა და სხვა ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრების ტილოები. ასევე, თიხის ნამუშევრები  და ხელოვნების ისტორიის ბიბლიოთეკა.

Note: თუ მუზეუმებში სიარული სხვა ყველაფერს გირჩევნიათ,  Museumkaart-ის შეძენას გირჩევთ, რომლის ფასი 54.95 ევროა და მთელი ჰოლანდიის მასშტაბით, ნებისმიერ  5 მუზეუმში შეძლებთ უფასოდ შესვლას.

 

კლუბები

ამსტერდამი არ არის ბერლინივით ტექნოს მექა და არც ინდივიდუალისტურად ჩაცმული ჰიფსტერები არ არიან მოდებული ყველა კუთხე- კუნჭულს, მაგრამ რამდენიმე ადგილზე მაინც შეიძლება ღრმა, მძიმე, ინდუსტრიული ტექნოს მოსმენა და გემოვნებიანად გართობა. მათგან ყველაზე პოპულარულებია:

De school – რომელიც ტიპური ღამის კლუბი არ არის და კლუბის გარდა, ერთდროულად ბევრ სხვადასხვა ფუნქციას ითავსებს – არის რესტორანი, კაფე, საგამოფენო სივრცე და სპორტდარბაზი.

თვითონ კლუბის ვენიუ ყოფილი სკოლის ველოსიპედების პარკინგზეა და 700-მდე ადამიანს იტევს. მოლოდინი არ გქონდეთ, რომ რომელიმე მსოფლიო მასშტაბით ცნობილი დიჯეი დაგხვდებათ- ძირითადად ადგილობრივი არტისტები უკრავენ, თუმცა საკმაოდ კარგად.

ბილეთის ფასი:  10- 15 ევრო

Shelter – სახელი შემთხვევითი არ არის. კლუბი ნამდვილ თავშესაფარშია გაკეთებული – ომიანობის დროს თავის შესაფარებლად და როგორც ნამდვილ ბუნკერს შეეფერება, ადვილი მისაგნები არ არის. იქ მოსახვედრად Buiksloterweg ferry-ს უნდა გაყვეთ, რომელიც Central Station-ის ტერიტორიიდან გადის.

კლუბში თავს მშობლიურ გარემოში იგრძნობთ – ისევე, როგორც ბასიანსა და ხიდზე, აქაც  Funktion 1-ის საუნდ სისტემა, სიბნელე და მინიმალისტური გარემო დაგხვდებათ. ამას გარდა, შელთერი ამსტერდამის იმ იშვიათ კლუბებს განეკუთვნება, გართობა რომ დილამდე გრძელდება ხოლმე.

ფასი : 10-15 ევრო.

 

წითელი ფარნების ქუჩა

ამსტერდამის წითელი ფარნების უბანი  მგონი მსოფლიოში  ერთადერთი ადგილია, სადაც პროსტიტუცია და რელიგია მშვენივრად ახერხებენ კოჰაბიტაციას – ვიტრინებში გამოფენილი ნახევრად შიშველი გოგონების რიგი ზუსტად იქ მთავრდება, სადაც  ძველი ეკლესიის ეზო ( ჰოლანდიურად  oude kerk) იწყება და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო კონტრასტს ქმნის.

ძველი ეკლესია ამსტერდამის უძველესი შენობაა , რომელიც 1306 წელს აშენდა და მშვენივრად ასახავს ქალაქის ისტორიას.  მუზეუმქარდით შესვლა უფასოა, ისე კი 10 ევრო დაგიჯდებათ. სამუშაო საათებს რაც შეეხება : ორშაბათი-შაბათი 10:00 – 18:00; კვირა : 13:00 – 17:30; 24 დეკემბერი: 10:00- 15:00; 31 დეკემბერი: 10:00- 16:00; 27 აპრილს იკეტებიან..

ქალაქში, როგორც კი შებინდდება, წითელი ფარნების ტერიტორია წითელ- ლურჯ- იასამნისფერში ნათდება ხოლმე  და სიცოცხლით ივსება.

ხალხის ნაკადი განსაკუთრებით ღამის 11 საათისთვის აქტიურდება – ამ დროს უკვე ყველა ვიტრინაში გამოდიან გოგოები – ზოგი ბიკინით, ზოგიც მედდის, პოლიციელის  და ზოგიც კურდღლის ფორმაშია გამოწყობილი, ნაწილი უბრალოდ, მორჩილად ზის/დგას კლიენტის მოლოდინში, ზოგი კი ამ ყურადღების მისაღებად მეტად აქტიურ ხერხებს მიმართავს – ცეკვავს, დილდოებს ატრიალებს ან ვიტრინაზე აკაკუნებს. მამაკაცებიც ვიტრინაზე დაკაკუნებით გამოხატავენ დაინტერესებას .

20-30 წუთიანი სიამოვნება აქ საშუალოდ 50 ევროდან იწყება და იმის მიხედვით იზრდება, რა სურს კლიენტს.

მე გამიმართლა და წითელი ფანრების უბანი იმ ადამიანთან ერთად მოვიარე, ვისთვისაც  იქაურობა სახლივით იყო-  ჟოზე(ფინა) მოსაღამოვებულზე გავიცანი სულ შემთხვევით. არხის ნაპირზე ვიჯექი მარტო და სიგარეტს ვეწეოდი. ჟოზესაც მოწევა უნდოდა, ოღონდ მოსაწევის და სანთებელა არ ქონდა. გვერდზე მომიჯდა და მოკიდება მთხოვა. მანერულობით და საუბრის სტილით იმწამსვე მიხვდებოდით – გეი იყო. ძალიან მეგობრული და გულღია გეი. რომ ვუთხარი საქართველოდან ვართქო- სახე გაუნათდა. შენი ქვეყნიდან ბიჭი მყავდა, რომ იცოდე  how big was his cock, I was in shock -ო. შესაბამისად, საქართველოს შესახებ ბევრი სმენოდა, განსაკუთრებით ქვიარ აქტივიზმისა და ლგბტ თემის პრობლემებზე. ჩემი ბიჭი საკუთარ თავთანაც კი არ აღიარებდა ბოლომდე, რომ გეი იყო, ქვეყანაში ხომ საერთოდ- ძაან ეშინოდა ვინმეს ჩვენი ამბავი არ გაეგოო და ამის გამო მუდმივად შეშინებული და დაძაბული იყოო.  არ მესმის, როგორ შეიძლება ამ დროში კიდევ არსებობდეს მიუღებლობის პრობლემა, რით ვერ მივიდა ყველა საზოგადოება იმის გააზრებამდე, რომ სხვისი იდენტობისა და განსხვავებულობის გამო მისი განადგურების სურვილი არ არის ნორმალური და რომ ეს მსოფლიო და ბედნიერების განცდის უფლება თანაბრად გვეკუთვნის ყველას – ჰეტეროს, გეის, ლეზბის, ქრისტიანს თუ ათეისტსო.

თვითონ წითელი ფანრების ქუჩის ერთ-ერთ ღამის კლუბში მუშაობდა, კაბარეს სტილის წარმოდგენებს ვდგამთო. მისი შოუ მოგვიანებით იწყებოდა და მანამდე აქაურობას მოგატარებო -შემომთავაზა.

მისგან გავიგე, რომ  სხვადასხვა ფერის სინათლეები შემთხვევითი არ არის – წითელი ვიტრინა ვიზიტორს იმაზე მიანიშნებს, რომ მის შიგნით ქალია, ლურჯი და იასამნისფერი კი ტრანსგენდერებისა და ტრანსვესტიტებისთვის არის განკუთვნილი.

მეძავების გარდა, წითელი ფანრების ქუჩა სავსეა სექს კლუბებით და ბარებით.

მათგან ყველაზე ძველი და ყველაზე ცნობილი ბანანა კლუბია –  ჟოზეფინას მონაყოლით, ბანანა კლუბის პირველ სართულზე სტრიპტიზ წარმოდგენაა, სადაც მოცეკვავეები ბანანებს ფრცქვნიან და სექსუალურად ჭამენ, მეორე სართულზე კი წარმოდგენა უფრო ბრუტალური ხდება – ბანანის შეიკს საშოში ისხამენ და ვიზიტორები ვაგინიდან სვამენ (მაქსიმალურად ესთეტიურად ვცადე დაწერა, მაგრამ ამაზე მეტი არ ძალმიძს :დ )

ვიტრინების, სექსშოპებისა და ბარების გარდა,  3D პორნო კაბინებს შეგიძლიათ ესტუმროთ – როგორც ამბობენ, აქ, ვირტუალურ რეალობაში ნანახი პორნო არაფრით ჩამოუვარდება რეალურ გამოცდილებებს.

Note: წითელი ფარნების უბანში ფაქტობრივად ყველაფერი მოსულა, გოგონებისთვის სურათების გადაღების გარდა. ბევრი სექს მუშაკის დღის ცხოვრება რადიკალურად განსხვავდება ღამეული საქმიანობისგან და თუ მათი პირადი ცხოვრების პრივატულობას დაარღვევთ, არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენი კამერა არხში აღმოჩნდება.

 

ფოტოსპოტები

არაფერი ისე ცოცხლად არ ინახავს მოგონებებს, როგორც სურათები. ამსტერდამი კი კარგი, ფერადი სურათების გადასაღებად იდეალური ქალაქია. სადაც არ უნდა დადგეთ – სურათისთვის ლამაზი ფონი გარანტირებული გაქვთ, მაგრამ თუ რაღაც განსაკუთრებულს  ეძებთ, მაშინ ამ ადგილების მონახულებას გირჩევდით :

instastvis amsterdami
დამრაკის ვიწრო სახლები – NARROW HOUSES OF DAMRAK
ძველ დროში, გადასახადები ფასადის სიგანის მიხედვით იზრდებოდა, ამიტომ ამსტერდამელები  ამჯობინებდნენ ვიწრო ფასადიანი სახლები ქონოდათ, მაგრამ ღრმა. შედეგად, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, თითქმის ყველა სახლი ვიწროა, ყველაზე წვრილი შენობები კი ცენტრალური სადგურის არხთან არიან ჩამწკრივებულნი.
სწორედ ეს ადგილი ითვლება ნომერ პირველად, სურათების გადაღების მსურველებში. თუ იღბალი თქვენ მხარეს არის და ღრუბლიანი ამინდი დაგემთხვევათ (რაც ამსტერდამში იშვიათობას არ წარმოადგენს) , წყალში შენობების ანარეკლიც დაფიქსირდება, რაც ფოტოს კიდევ უფრო გაგილამაზებთ.

 

3d-printed-urban-cabin-dus-architects-amsterdam_dezeen_2364_ss_4-852x608
3D print canal house – ლეგო- სახლი, რომელიც 3D ტექნოლოგიით არის დაბეჭდილი, საკმაოდ პოპულარული საპოზიორო ადგილია.
მისი კოორდინატებია : Asterweg 149 (by appointment only), 1031 HM Amsterdam, ნიდერლანდები
15402263205_c242b8903d_b
STAALMEESTERSBRUG-ის ხიდი წლებია შეყვარებულებსა და ფოტომოყვარულებს ერთნაირად იზიდავთ. წყვილები  სიყვარულის გამოსახატად მოაჯირებს  ბოქლომს ამაგრებენ , მაგრამ ბოლო ხანებში, ქალაქის მაცხოვრებლებისთვის ეს აქტი ვანდალიზმად უფრო აღიქმება, ვიდრე რომანტიკულ ჟესტად, რადგან ბოქლომების სიმძიმის გამო ხიდის ჩანგრევის საშიშროება დადგა.
20180415_175808_HDR
Dam square – დამის მოედანი ამსტერდამელებისთვის დაახლოებით იგივეა, რაც ჩვენთვის თავისუფლების მოედანი. ტურისტული მარშრუტებიც სწორედ აქედან იწყება – თითქმის ყველა მთავარი ღირსშესანიშნაობა დამიდან ორი ფეხის ნაბიჯზეა.
მიუხედავად იმისა, რომ აქ გადაღებული სურათის ფონზე, ხალხმრავლობის გამო,  ყოველთვის ჩანს ვიღაც სხვა, ეს ფოტომოყვარულების ენთუზიაზმზე არ აისახება ხოლმე.
ME DA TULPANI blur
Oudezijds Voorburgwal
ამსტერდამში ვენეციაზე მეტი არხებია , ამ არხებზე გადებული პატარა ხიდებიდან კი მშვენიერი ხედები იშლება. ასეთ ხედებში ჩემი ფავოროტი oudeziids -ის ხიდიდან დანახული ამსტერდამია – უკან წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის სილუეტით.
ზუსტი ლოკაცია: Prins Hendrikkade 73, 1012 AD Amsterdam, ნიდერლანდები
1073241_198915580271977_82173725_o (1)
THE WALL GALLERY, DE PIJP
 აბა, ამ სტრითართის ფონზე, მძინარე პოზაში სურათის არ გადაღება იქნება?
Amsterdam-flower-market
FLOATING FLOWER MARKET BLOEMENMARKT
 მოცურავე ყვავილების მაღაზია ის ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ. არ დაგავიწყეთ, რომ ხელს  ყუთებში ჩალაგებული ტიტების ბოლქვები ( 2 ევრო ღირს)  გამოაყოლოთ – ამსტერდამიდან უკეთესი სუვენირი რა უნდა იყოს.
GettyImages-533421150-5a8b31c0eb97de00376e692b
KEUKENHOF GARDENS
თუკი ამსტერდამში სამოგზაუროდ გაზაფხულზე მიდიხართ, მაშინ ამ- მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ყვავილების ბაღში არ წასვლა, დანაშაულია. ამსტერდამიდან საკმაოდ ახლო მანძილზეა და ერთ დღეში ჩასვლას, 1000-ობით ფოტოს გადაღებას და ჩამოსვლას უპრობლემოდ მოასწრებთ. წასვლამდე რაიმე ფერადი კაბის შერჩევა არ დაგავიწყეთ.
q8a85x8117w11
Tree hugging LAMANSTRAAT
 ლამანსტრატის ქუჩის ერთმანეთთან გადაფსკვნილი ხეებიც ძალიან ლამაზი სასურათე ადგილია, განსაკუთრებით შემოდგომაზე.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s