გაფრენამდე წასაკითხი

ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად მხვდება პოსტები აეროპორტში დაგვიანებასთან დაკავშირებით. მეტიც, ჩემი ცუდი დროის მენეჯმენტის გამო, მეც არაერთხელ მირბენია ტერმინალიდან ტერმინალამდე და რეგისტრაციის დასრულებამდე წუთებით ადრე მიმისწრია check-in-ის დახლამდე.

დაგვიანების გარდა, აქტუალური საკითხია ბორტზე ასატანი ნივთების სია და ბარგთან დაკავშირებული საკითხები.  ასევე, შეშინებული მეგობრები ხშირად მირეკავენ  და მეუბნებიან, რომ ,,რატომღაც“ ჩექინს ვერ გადიან. ამიტომ, ამ და სხვა ფრენასთან დაკავშირებულ საკითხებზე  ბლოგის გაკეთება გადავწყვიტე. იმედია, გამოგადგებათ.

 

იაფიანი ბილეთები

„სად ვიყიდო იაფიანი ბილეთები?“-  ეს ის კითხვაა, რომელსაც ლამის „როგორ ხარ-ზე“ ხშირად მისვამენ მეგობრები. პასუხი საკმაოდ ვრცელია, მაგრამ ამჯერად ოთხ ვარიანტზე შევჩერდები:

  • ჩემთვის ყველაზე საყვარელი საიტია http://www.azair.eu/ –  გიგანტებისგან განსხვავებით, მთლად გამართულად ვერ მუშაობს – დროდადრო ჭედავს ხოლმე, თან ცოტა უშნოც არის, მაგრამ გული აქვს კეთილი – ბიუჯეტური ავიახაზების მონაცემებს აგენერირებს მხოლოდ და მითითებულ დროის მონაკვეთში (3 გადაჯდომა მიუთითეთ საუკეთესო შედეგის მისაღებად)  გითვლით ყველაზე იაფ ვარიანტს .
  • http://www.kiwi.com – ყველაზე პოპულარული ვარიანტი, რომელიც Azair-ისგან განსხვავებით, მხოლოდ ბიუჯეტურ ავიაკომპანიებზე არ არის გათვლილი, თუმცა პირველ რიგში,  ყველაზე იაფიან ვარიანტებს  სთავაზობს მომხმარებელს.
  • https://www.fly4free.com/ – სადაც ძალიან კარგ ფასად იდება ხოლმე last minute შეთავაზებები ეგზოტიკური ქვეყნების მიმართულებით.
  • და რა თქმა უნდა, https://wizzair.com/ , რომელიც ამ ეტაპზე ერთადერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა ქართულ სივრცეში.

რაც შეეხება ძებნის სტრატეგიას – ბილეთზე ზრუნვა გაფრენამდე ბევრად ადრე უნდა დაიწყოთ და ძალიან ხშირ-ხშირად უნდა ამოწმოთ საძიებო სისტემებში სასურველი მიმართულება. ბილეთებზე ფასები ხშირად იცვლება და ერთ დღესაც აუცილებლად ჩაიგდებთ სასურველ ფასად სანატრელ ბილეთს J ასევე, ხშირია პრაქტიკა, რომ ავიაკომპანიები აძვირებენ ბილეთებს თქვენი საიტზე ვიზიტის სიხშირის მიხედვით, რასაც ე.წ cookie-ებით ითვლიან, ამიტომ გამოიყენეთ ინკოგნიტო რეჟიმი ან გაწმინდეთ ბრაუზერის ისტორია.

 

ფრენაზე დაგვიანება

თითქმის ყველა ავიაკომპანიის რეისზე რეგისტრაცია იწყება გამგზავრებამდე 2 საათით ადრე და სრულდება გაფრენამდე 40-30 წუთით ადრე. მაგრამ ყოველთვის ამის მიხედვით არ ღირს დროის განსაზღვრა, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში, სარეგისტრაციო დახლი უფრო ადრე იკეტება. მაგ. თუ მილანიდან ქუთაისში მიფრინავთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ დახლი გაფრენამდე 50 წუთით ადრე დაიკეტება და აღარც წუწუნი გაჭრის, აღარც თავის შეცოდება და არც ჩივილის მუქარა. 50 წუთით ადრე იკეტება დახლი შემდეგ აეროპორტებშიც:

  • ბუქარესტის ანრი კოანდას სახელობის საერთაშორისო აეროპორტი
  • ეინდჰოვენის აეროპორტი
  • მალაგის აეროპორტი
  • ალ-მაკტუმის საერთაშორისო აეროპორტი

ზოგ შემთხვევაში ეს დრო კიდევ უფრო დიდია. მაგალითად ბუდაპეშტის აეროპორტიდან, ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან , თელ-ავივის ბენ გურიონის სახელობის აეროპორტიდან, მარაქეშის მენარის აეროპორტიდან, უვდის აეროპორტიდან და აგადირის ალ-მასირას აეროპორტიდან ზოგიერთ მიმართულებებზე ფრენისას, რეგისტრაცია გაფრენამდე ერთი საათით ადრე იხურება. ამიტომ, აუცილებლად ყურადღებით გადაამოწმეთ გაფრენამდე ავიაკომპანიის მიერ მეილზე მოწერილი შეტყობინება.

გასვლის დრო ყოველთვის ისე დაგეგმეთ, რომ რეგისტრაციის დახლის დაკეტვამდე ბევრად ადრე იყოთ აეროპორტში.

მერფის კანონი ,,თუკი შესაძლებელია რაიმე ცუდი მოხდეს, მაშინ ის აუცილებლად მოხდება“ არასოდეს ისე ზუსტად არ მოქმედებს, როგორც მაშინ, როცა სადმე გეჩქარებათ. მაგალითად, მე გაფრენის წინ დამმართნია ყველა შესაძლო უბედურება, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება – ჩამკეტვია სახლის კარი, გავჭედილვარ ლიფტში, მეტროში, გაფუჭებულა ავტობუსი, რომლითაც მივდიოდი, ავარიის გამო უცაბედად გაკეთებულ საცობში დამიკარგავს უამრავი დრო და ვინ მოსთვლის კიდევ რა, თუმცა ჩემი საყვარელი ისტორია მაინც ის არის, სადღაც ხაშურისკენ რომ გაგვიფუჭდა მანქანა ( ქუთაისი- ბერლინის ფრენა მქონდა ნაყიდი, ვიზეარით)  კაი ხანი ვეჭიდავეთ, შემდეგ ავტოსტოპზე ვჭიმე ცერა თითი, მაგრამ არსაიდან ხსნა.

მერე გამახსენდა, რომ დაგვიანების შემთხვევაში ავიაბილეთის სრული ღირებულება უკან გიბრუნდება და ის-ის იყო, ამით ვაპირებდი თავის დამშვიდებას, რომ მეგობარმა შემახსენა- ეგ მას შემდეგ, რაც მოსაკრებლების 80 ევრო გამოიქვითებაო. 80 ევრო სულ არ მქონდა მიცემული ბილეთში , ასე რომ ისევ სასოწარკვეთაში ვაპირებდი ჩავარდნას, ტაქსი რომ დავლანდე. ჩაჯექიო.
შუა ხნის კაცი იყო, რაჭულად უქცევდა, მაგრამ რაჭველის კვალობაზე ძაან ჩქარა მიყავდა მანქანა. თან ხმამაღლა ელაპარაკებოდა შემხვედრ მანქანებს :” აპა,თუ გამატარებთ, აგვიანდება ბოვშვს, გოუფრინდება თვითმფრინავი”… და ამ დროს კადრი- მოხუცი ქალი გადადის ქუჩაზე. მეთქი ან შეანელებს , ან გზის კიდისკენ გაუხვევს, ან რამე, თქვენც არ მომიკვდეთ, აგრძელებს ისევ იმ სიჩქარით პირდაპირ ქალისკენ და თან თვალებაპყრობილი ბუტბუტებს: ,,ღმერთო,შენ გადაარჩინე აგი ქალუკა ახლა სიკვტილს, მშვიდობით გადეიყვანე ქუჩაზე, უშველე რაცხა”

ისმინა ღმერთმა, ის ქალიც გადაურჩა მანქანას და მე – დაგვიანებას. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ჭკუა ვისწავლე – ამის შემდეგაც გაფრენამდე წუთებით ადრე მივდიოდი აეროპორტში, სანამ ერთხელ მართლა არ გამასწრო თვითმფრინავმა. 

რეგისტრაციის ( check-in) გავლა

 დაჩექინების ორი ვარიანტი არსებობს – ონლაინ გავლა და აეროპორტში რეგისტრაცია. მეორე – ძირითადად ფასიანი სერვისია, პირველი კი – უფასო, თუმცა ავიაკომპანიებისა და ბილეთის ტიპის მიხედით მისი გახსნა/დახურვის დროები განსხვავებულია.

Wizz air-ის შემთხვევაში : თუ ბილეთთან ერთად ადგილი გაქვთ შეძენილი, რეისზე ონლაინ რეგისტრაცია იწყება დაგეგმილ გამგზავრებამდე 30 დღით ადრე და სრულდება 3 საათით ადრე , ხოლო, თუ დაჯავშნისას ადგილს არ შეიძენთ, რეისზე რეგისტრაცია თქვენთვის შესაძლებელი გახდება მხოლოდ გამგზავრებამდე 48 საათით ადრე. იგივე ეხება უკანა გზის ბილეთს, ამიტომ გაფრენისას თუ მეორე ფრენის ჩექინს ვერ გადიხართ, არაფერი სანერვიულო არ ხდება J

Ryanair-ის შემთხვევაში : თუ დაჯავშნისას ადგილი შეიძინეთ, რეგისტრაციის გავლა 60 დღით ადრე შეგიძლიათ, ხოლო თუკი ადგილისთვის მნიშვნელობა არ მიგინიჭებიათ, მაშინ ჩექინი 48 საათით ადრე გაიხსნება და გაფრენამდე 2 საათით ადრე დასრულდება.

EasyJet -ით ფრენის შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა ფრენისას ადგილი შეიძინეთ თუ არა, ონლაინ რეგისტრაცია ორივე შემთხვევაში იხსნება 30 დღით ადრე და მთავრდება გაფრენამდე 2 საათით ადრე.

*იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ბარგს დაამატებთ, ადგილს შეიცვლით ან რაიმე ცვლილებას შეიტანთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩექ ინი ხელახლა გაიაროთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ჯავშანში ცვლილებების შეტანა ონლაინ შეგიძლიათ ფრენამდე არა უგვიანეს 3 საათით ადრე.

 

სახელის შეცვლის პროცედურა

წლების წინ, როდესაც პირველად ვიყიდე ფრენის ბილეთი (ვიზეარის რეისი ქუთაისი-ბუდაპეშტი), მახსოვს ლამის თმა გამიჭაღარავდა იმაზე დარდით, რომ სახელისა და გვარის პირველი ასოები capital letter-ებით არ ჩამიწერია. მალევე გავარკვიე, რომ ეს შეცდომად არ ითვლებოდა და სანერვიულო არაფერი იყო. შემდეგ ისიც გავიგე, რომ თურმე სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი სახელში/ გვარში სამი სიმბოლოს შეცვლა და შეცდომით მითითებული სქესის გადაკეთება. ამისთვის დაგჭირდებათ, რომ ავიაკომპანიის ცხელ ხაზზე დარეკოთ : 0 0706 777 483.

გაითვალისწინეთ, რომ ასეთ დროს მოგიწევთ საინფორმაციო ცენტრის მომსახურების საფასურის გადახდა, რომელიც წუთობრივად იზრდება. ამიტომ აუცილებლად წინასწარ კარგად მოამზადეთ სათქმელი.

ხოლო თუ მგზავრის შეცვლა გინდათ, ამ შემთხვევაში ონლაინ შეგიძლიათ ცვლილების განხორციელება 45 ევროდ.

 

ბარგი

დაბალბიუჯეტურ ავიახაზებს ბარგთან დაკავშირებით ერთმანეთის მსგავსი პოლიტიკა აქვთ: მათი ბილეთის ღირებულებაში მხოლოდ ხელბარგი, ზურგჩანთა ან მცირე ჩემოდანი შედის. ჩასაბარებელ ბარგს კი ცალკე ფასი აქვს.

Wizz Air-ით ფრენით შემთხვევაში, ყველა მგზავრს შეუძლია ბორტზე აიტანოს მხოლოდ ხელბარგი, რომლის მაქსიმალური ზომებია 40×30×20 სმ. ხოლო თუ WIZZ პრიორიტეტის სერვისს შეიძენთ, ხელბარგთან ერთად შეგეძლებათ წაიღოთ ჩემოდანი, რომლის ზომებია 55×40×23 სმ. 10, 20, 32 კილოიანი ბარგის შემთხვევაში, ჯობია თანხა გადაიხადოთ წინასწარ, ონლაინ. აეროპორტში ბარგის შეძენა დაგიჯდებათ უფრო ძვირი. ამას გარდა, აეროპორტში წასვლამდე აუცილებლად აწონეთ თქვენი ბარგი, დამატებითი გადასახადის გადახდამ რომ არ მოგიწიოთ.

EesyJet ით ფრენისას, ნებისმიერი მგზავრისთვის დაშვებულია ხელბარგი შემდეგი ზომებით: 56x45x25 სმ. პრიორიტეტული ბილეთის მფლობელთათვის დაშვებულია დამატებითი ხელბარგი 45x36x20 სმ გაბარიტებში. რაც შეეხება ჩასაბარებელ ბარგს –  აქვთ სტანდარტული- 23 კილოიანი პაკეტი, რომლის გაზრდა მაქსიმუმ 32 კილომდეა შესაძლებელი.

Ryanairბიუჯეტურ ავიაკომპანიებს შორის, ყველაზე მკაცრად, ბარგთან დაკავშირებულ წესებს რიენეარი იცავს.

ბორტზე ასატანი ხელბარგის მაქსიმალური ზომებია : 40x20x25

პრიორიტეტული ბილეთის შეძენის შემთხვევაში შეგეძლებათ ბორტზე აიტანოთ ბორბლებიანი ჩემოდანიც, რომელიც მაქსიმუმ 10 კილო იქნება.

*იმ შემთხვევაში, თუ პრიორიტეტული ბილეთის ყიდვის გარეშე ეცდებით ბორტზე მეორე ჩანთის ატანას ან თქვენი ხელბარგი გადაცდება ზომებს, 25 ევროთი დაჯარიმდებით.

 

წასაღები ნივთები

ნებისმიერი ავიახაზით გაადგილების დროს გაითვალისწინეთ, რომ სუნამოების (ზოგადად სითხეების) წაღება შესაძლებელია მაქსიმუმ 100 მლ მოცულობის კონტეინერებით და ყველა ასეთი კონტეინერი უნდა ეტეოდეს 1 ლიტრი მოცულობის პოლიეთილენის პაკეტში.

ასევე, სახელმწიფოების მიერ რეგულირებულია ხელბარგით წასაღები სიგარეტის რაოდენობა. საშუალოდ, რისი გატანაც ლეგალურად შეგიძლიათ ესაა 1 ბლოკი /10 კოლოფი/200 ღერი და თუ თქვენმა მეზობელმა ციცინომ ან ანზორმა გითხრეს, რომ ,,უუფ, უფრო მეტიც წაუღიათ“ , იცოდეთ, რომ მათ უბრალოდ გაუმართლათ.

რაც შეეხება ჩურჩხელებს, ტყემალს, სვანურ მარილს, სულგუნს, გუდის ყველს და სხვა გასტრონომიულ სიამოვნებებს, საავიაციო უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათი წაღება პრობლემას არ წარმოადგენს ( ოღონდ კარგად შეფუთვას ნუ დაიზარებთ- დაინდეთ თანამგზავრები). უბრალოდ ზოგიერთ ქვეყანაში ცხოველური საკვების შეტანა იკრძალება და თუ არ გაგიმართლათ, თქვენი სიმწრით ჩატანილი ყველი შეიძლება საბოლოო პუნქტზე ჩამოგართვან (მაგრამ ალბათ გარისკვად ღირს).

მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი კომპანიონია Power Bank. ავიაკომპანიების უმრავლესობას დაწესებული აქვს ლიმიტ ორ ერთეულ Power Bank-ზე, რომელთა ჯამური სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 100Wh-ს. იმისათვის, რომ გაიგოთ დაახლოებით რამდენ Wh-ს გამოიმუშავებს თქვენი Power Bank მისი ტევადობა უნდა გაამრავლოთ ნომინალურ 3.7 V-ზე (ვოლტი) და გაყოთ 1000-ზე. (მაგალითად: 15000 მილიამპერ საათიანი Power Bank-ის სიმძლავრე იქნება 15000*3.7/1000=55.5Wh)

*კი, თმის უთოსაც აიტანთ ბორტზე )

 

ფრენის კომპენსაცია 

არის შემთხვევები, როდესაც მგზავრი კი არა, თვითმფრინავი აგვიანებს (3 საათით ან მეტით) ანდაც რეისი უქმდება/გადაიდება ხოლმე.

ასეთ შემთხვევებში ავიაკომპანია ვალდებულია მგზავრს აუნაზღაუროს ზარალი, რომლის ოდენობა 125-დან 600 ევრომდე მერყეობს და დანიშნულების ადგილამდე საფრენი მანძილის მიხედვით გამოითვლება.

კომპენსაციის მოთხოვნა შესაძლებელია დამოუკიდებლად  ან შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ბაზარზე ახლად გამოჩენილ ორგანიზაციებს, რომლებიც ასეთ დროს კომპენსაციის გარკვეული პროცენტის სანაცვლოდ მგზავრებს დახმარებას სთავაზობენ. ძირითადად , მათ მიერ მოთხოვნილი თანხა  15-დან 30 %-მდე მერყეობს ხოლმე.

Bon Voyage 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s